საქართველოს სავალუტო რეზერვები შემცირდა
2025 წლის თებერვალში საქართველოს სავალუტო რეზერვები წლიურ ჭრილში 27%-ით, მთლიანი რეზერვების მოცულობა კი 10.8%-ით შემცირდა.
კერძოდ, ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მთლიანი რეზერვები 512.3 მლნ დოლარით, სავალუტო რეზერვები კი 1.166 მლრდ დოლარით შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 4.746 მლრდ დოლარს შეადგენდა, წელს თებერვალში კი 4.234 მლრდ-ს. 2025 წლის იანვარში რეზერვების მოცულობა 4.435 მლრდ დოლარს აჭარბებდა.
რაც შეეხება კონკრეტულად სავალუტო რეზერვებს, სებ-ის სტატისტიკით 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით 3.129 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 1.166 მლრდ დოლარით ნაკლებია, 2025 წლის იანვართან შედარებით კი 206.9 მლნ დოლარით ნაკლები. უფრო კონკრეტულად, იანვარში სავალუტო რეზერვების მოცულობა 3.336 მლრდ დოლარს შეადგენდა, 2024 წლის თებერვალში კი 4.296 მლრდ დოლარს.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის თებერვლის სტატისტიკით, სებ-ს სავალუტო რეზერვების დიდი ნაწილი – 2.496 მლრდ დოლარი ფასიან ქაღალდებში აქვს განთავსებული, ნაღდი ფულის სახით კი 633 მლნ დოლარს ინახავს.
რაც შეეხება ოქროს რეზერვების მოცულობას, 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით 650.5 მლნ დოლარს შეადგენს.