რამ გამოიწვია ოქროს გაძვირება
ოქროს ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. თბილისის დროით 11:00 საათზე უნციას ფასმა 3 041 დოლარს მიაღწია.
Gold Price-ის მონაცემებით, ფასი ბოლო ერთი თვის ჭრილში 3.53%-ით არის გაზრდილი, ხოლო წლიურად ოქროს ფასი 38%-იან ზრდას აჩვენებს. მხოლოდ 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე კი ოქრო 16%-ით არის გაძვირებული.
Trading Economics-ი წერს, რომ ოქროს ფასის რეკორდული ზრდა უსაფრთხოების გამოწვევებმა, გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ და “სატარიფო ომის” ფონზე შექმნილმა გაურკვევლობამ გამოიწვია.
ამასთანავე, აღნიშნულ დაძაბულობას თან დაერთო კონფლიქტის ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში. ისრაელმა დარტყმები განაახლა ღაზას სექტორზე და პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დააანონსა, რომ „ეს მხოლოდ დასაწყისია“, რაც ზრდის გაურკვევლობას ბირჟებზე.
გასული ღამის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი. კომუნიკაციის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პუტინი დათანხმდა ტრამპის შეთავაზებას, შეეჩერებინა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმა, თუმცა, უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტაზე 30 დღიანი ვადით.
დაბოლოს, ოქროს ფასის ზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო სატარიფო ომის გაღვივება. კერძოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თებერვალში 25%-იანი გადასახადი დააწესა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე და ტრამპი აანონსებს დამატებით გადასახადებს ცალკეულ სექტორებზეც.
გამოცემა წერს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების კომბინაციამ ოქროს ფასის რეკოდულ ზრდას შეუწყო ხელი.