“ბორჯომისა” და “ნაბეღლავის” მინერალურ
წყლებზე კანონით დადგენილი მოსაკრებლის გაზრდის გადაწყვეტილება
მიღებულია. “ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების
შესახებ” კანონპროექტი პარლამენტმა გუშინ მესამე მოსმენით მიიღო.
“ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების შესახებ” ჯერ
კიდევ მოქმედი კანონით, “ბორჯომის” მინერალური წყლისთვის დადგენილი
მოსაკრებელი 1 კუბ.მ წყალზე 10 ლარს, ხოლო “ნაბეღლავზე” – 6 ლარს
შეადგენს. ცვლილების თანახმად კი, ეს ოდენობა 3-ჯერ იზრდება და
“ბორჯომის” შემთხვევაში 1 კუბ.მ-ზე – 30 ლარი, ხოლო “ნაბეღლავის”
შემთხვევაში – 18 ლარი ხდება.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრო და სსიპ “ბუნებრივი რესურსების სააგენტოა”.
“აღნიშნული მინერალური წყლები როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო
ბაზრებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნით და კონკურენტუნარიანობით გამოირჩევა.
ამასთან, მიწისქვეშა წყლები, როგორც ბუნებრივი რესურსი, ამოწურვად
რესურსს წარმოადგენს და მნიშვნელოვანია, რომ მათი მოპოვებისთვის ისეთი
მოსაკრებელი განისაზღვროს, რომელიც მის ღირებულებას და მოთხოვნასთან
მიმართებაში ადეკვატური იქნება. გასათვალისწინებელია, რომ მოსაკრებლის
თანხა თითოეულ ჩამოსხმულ ბოთლ წყალზე მისი ღირებულების საკმაოდ მცირე
პროცენტს შეადგენს და შესაბამისად, მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა
მწარმოებელი კომპანიების ფინანსურ ხარჯებზე არსებით გავლენას არ
მოახდებს”, – განმარტავს მთავრობა.
კანონპროექტის ამოქმედება მიმდინარე წლის 1-ელი ოქტომბრიდან არის
დაგეგმილი და როგორც ინიციატორები აცხადებენ, ეს კომპანიებს
საშუალებას მისცემს, მოსაკრებლის შეცვლილ ოდენობებს მომზადებულები
შეხვდნენ.
წყარო “ინტერპრესნიუსი”