„აწარმოე საქართველოში“ სწრაფი განვითარებისთვის“ - სახელმწიფო პროგრამა მეწარმეებისთვის
„აწარმოე საქართველოში“ სწრაფი განვითარებისთვის“ - ამ სახელწოდებით
2017 წლიდან ერთი ქუდისა და ბრენდის ქვეშ გაერთიანდება ყველა ის
სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოში მეწარმეობის განვითარების
ხელშეწყობაზე, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასა და ექსპორტის
ზრდაზეა ორიენტირებული.
განახლებული პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ
გააცნო. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი,
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარები, ასევე სამთავრობო და
კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც პრეზენტაციაზე
ითქვა, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბრენდის ქვეშ გაერთიანდება
ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს,
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის
სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოსა და საქართველოს
საპარტნიორო ფონდის მეწარმეობის ხელშეწყობისთვის არსებული პროექტები
(„აწარმოე საქართველოში,“ ერთიანი აგროპროექტი, მიკრო და მინი
გრანტები, „სტარტაპ საქართველო,“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი,
დამწყები ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამა, „დანერგე მომავალი“ და
ა.შ.)
"ჩვენ უკვე შეგვიძლია მოსახლეობას მოვუწოდოთ, რომ სხვა პროდუქტებთან
თანაბარ პირობებში იყიდეთ ქართული, რადგან ის არის კარგი და
კონკურენტული. ყველა ჩვენგანს შეუძლია ამ საქმეში შეიტანოს საკუთარი
წვლილი - ზოგს ინტერნეტსივრცეში, ზოგს შესყიდვებში, ზოგს შეუძლია
იმოგზაუროს რეგიონებში და ქართული პროდუქციის პრომოცია გააკეთოს.
ყველამ უნდა შევქმნათ პოზიტიური მოლოდინები, რომ შესაძლებელია
საქართველოში წარმოებული პროდუქტი იყოს ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი
დ მას მხარი დავუჭიროთ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრეზენტაციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ პროგრამა „აწარმოე
საქართველოში“ ორი წელია წარმატებით ხორციელდება და მან მიაღწია
ძირითად მიზანს - საქართველოში შეიქმნა ქართული პროდუქტი, ადგილობრივი
კომპანიები უკვე უშვებენ მაღალხარისხიან, კონკურენტუნარიან ნაწარმს,
რომელსაც შეუძლია ჩაანაცვლოს იმპორტი და ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს
საექსპორტო ბაზრებზე. სწორედ ამ პროდუქციის ხელშეწყობის მიზნით,
თბილისის მერიის მხარდაჭერით, ქალაქში შერჩეულ ლოკაციებზე იგეგმება
„საკვირაო გამოფენა-გაყიდვების“ ორგანიზება, სადაც საქართველოში
ნაწარმოები ხარისხიანი პროდუქცია გაიყიდება.
გარდა ამისა, „აწარმოე საქართველოში“ ბრენდის ქვეშ მსხვილ
ჰიპერმარკეტებსა და სხვა სავაჭრო ობიექტებში მოეწყობა ქართული
პროდუქტის სადემონსტრაციო, ბრენდირებული კუთხეები და დახლები. ძალიან
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და ასევე
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ეკონომიკის
სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში თანხმდებიან, რომ
ხელს შეუწყობენ საჯარისო ნაწილებსა და პენიტენციალურ სისტემებში
ქართული პროდუქტის მოხმარების ამაღლებას.