ლარის კურსი გაუფასურებას განაგრძობს
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4630 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0172 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 8 სექტემბრისთვის, მისი კურსი 2.9536 ლარია. მაშინ, როცა 7 სექტემბერს მოქმედი კურსი 2.9579 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0043 ლარი შეადგინა.
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლარის გაუფასურებას ერთჯერად, „სეზონურ მოვლენად“ აფასებს.
ამასთან, ფინანსთა მინისტრის აზრით, აღნიშნულმა გამოვლინებამ უკვე გადაიარა. ამ თემაზე საუბრისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ
„ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს, სრული ინფორმაცია ჰქონდეს მიწოდებული - ხაზინის მიერ კომერციულ ბანკებში განთავსებულ თანხებზე მინდა მივაწოდო ინფორმაცია. დღეს ფულადი ბაზარი ისეა მოწყობილი, როგორც ზიარჭურჭელი და იმდენივე თანხებით, რამდენიც ხაზინის მხრიდან განთავსდა კომერციულ ბანკებში, პრაქტიკულად შემცირდა რეფინანსირება ეროვნული ბანკიდან. შესაბამისად, ამას არ ჰქონია ზეგავლენა მთლიანი ფულის მიწოდებაზე. თვითონ რიცხვებს რომ დავუბრუნდე, პირველი 8 თვის განმავლობაში საგადასახდელო ბალანსში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვაქვს, ძალიან კარგად გვეზრდება ტურიზმი, ექსპორტი და ფულადი ჩარიცხვები, ჯამურად 700 მლნ დოლარით არის გაუმჯობესებული აღნიშნული, რაც დადებით ზეგავლენას ახდენს კურსის სტაბილურობაზე. თვითონ სტაბილურობას რაც ეხება, ჩემი დაკვირვებით, ეს არის სეზონური მოვლენა. თუ ჩვენ დავაკვირდებით, სადღაც 15-20 აგვისტოდან დაიწყო აღნიშნულმა გამოვლინება, რაც დამახასიათებელია ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა მე ამ წუთში ვაფასებ ამას, როგორც ერთჯერად გამოვლინებას, რომელმაც უკვე გადაიარა“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.