7 მაისიდან სესხის გაცემა რთულდება
სესხის გაცემასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის რეგულაციები ძალაში, დღეიდან შედის.
რეგულაციების მიხედვით, კომერციულ ბანკებს კლიენტის გადახდისუნარიანობის, მისი შემოსავლებისა და ხარჯების დეტალური ანალიზის გარეშე, სესხის გაცემა ეკრძალებათ.
ეროვნული ბანკის ახალი წესებით ზოგიერთი მოქალაქე სამომხმარებლო სესხს საერთოდ ვეღარ აიღებს. კომერციულ ბანკებს კლიენტის გადახდისუნარიანობის, მისი შემოსავლებისა და ხარჯების დეტალური ანალიზის გარეშე სესხის გაცემა აეკრძალებათ.
საბანკო სისტემაში ფიქრობენ, რომ ახალი წესები ყველაზე მეტად თვითდასაქმებულ მოქალაქეებს დაარტყამს, მაგალითად, ბაზრის მოვაჭრეს, ტაქსის მძღოლს ან აბიტურიენტების რეპეტიტორს, რომლებსაც რეგისტრირებული შემოსავალი არ აქვთ და სესხის აღებაც გაუჭირდებათ.
ექსპერტები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ სესხის აღების მსურველს ბანკი უარს ეტყვის, ის ფულის მისაღებად სხვა, უფრო სარისკო გზას აირჩევს.
გამკაცრებული რეგულაციები პირველ ეტაპზე საბანკო სექტორს შეეხება, თუმცა სამომავლოდ იგივე ვალდებულებები დაეკისრება მიკრო საფინანსო ორგანიზაციებსაც.
ეკონომისტები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრის სხვა გზა უნდა ეძებოს. მათი აზრით, სიახლე პრობლემებს იმ მოქალაქეებს შეუქმნის, რომლებსაც შემოსავალი აქვთ, თუმცა მის ოფიციალურ დადასტურებას ვერ ახერხებენ.
მკაცრდება არა მხოლოდ სესხის აღების, არამედ სასურველი ნივთის განვადებით შეძენის პროცედურაც. ამიტომ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტექნიკისა და სხვა ტიპის სავაჭრო ობიექტებს გაყიდვები შეუმცირდებათ.