სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს ხუთი პროფესიული პროგრამა ემატება
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის მესამე კორპუსში, სახელმწიფოს დაფინანსებით, პროფესიული განათლების ხუთი პროგრამა დაემატა - სატყეო მეურნეობა, მებაღეობა, ელექტროენერგია, ბუღალტერია, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. პროგრამა ახალი სასწავლო წლიდან, 2021 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება.
„სპეციალურად ამ პროფესიული პროგრამებისთვის, სახელმწიფომ ყველაზე დიდი კორპუსი გამოყო. ამჟამად რეაბილიტაცია მიმდინარეობს და სავარაუდოდ, გაზაფხულზე დასრულდება. პროგრამებზე მოთხოვნა იყო, ამიტომ აკადემიური პერსონალისთვის კონკურსი გამოცხადდა. პროფესიული პროგრამები სექტემბრიდან უკვე დაიწყება“, - განუცხადა tv9news.ge-ს ნიკო ახალკაცმა, რექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში.
პროგრამა ხელმისაწვდომია როგორც საშუალო განათლების, ასევე საბაზო (მე-9 კლასის) განათლების მქონე კურსდამთავრებულთათვის. საბაზო განათლების მქონე აბიტურიენტს, სპეციალობის პროგრამების პარალელურად შეუძლია სასკოლო სასწავლო გეგმის სავალდებულო საგნების შესწავლა გააგრძელოს. პროგრამის დასრულების შემდეგ, სტუდენტს შეუძლია სწავლა უნივერსიტეტში განაგრძოს.