განათლება
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლები არ შეუშვეს - ომბუდსმენი
საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, მათი რწმუნებულები საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს. დაწესებულების წარმომადგენელმა მიზეზად, სხალთის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა. ომბუდსმენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი ვიზიტის მიზანი მონიტორინგის განხორციელება იყო.

ამჟამად პანსიონში 57 არასრულწლოვანი ირიცხება, მათგან ყველაზე პატარა 5 წლისაა. ომბუდსმენის ინფორმაციით, დაწესებულებაში მონიტორინგის შესაძლებლობა არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლევა, რომელიც 2020 წლის ივნისის შემდეგ პანსიონში არ შესულა. სახალხო დამცველისადმი სააგენტოს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ კორესპონდენციაში აღნიშნულია, რომ მეუფე სპირიდონი პანსიონში სოციალური მუშაკის ვიზიტების წინააღმდეგია. რაც ადგილზე სოციალურმა მუშაკმაც დაადასტურა.

"სახალხო დამცველი წლებია აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში განხორციელებულმა მონიტორინგებმა გამოკვეთა ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები. პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები ფაქტიურად იზოლირებულები არიან სოციუმიდან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი", - წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველი საგანგაშოდ აფასებს დაწესებულებაში შექმნილ ვითარებას და სახელმწიფოს მხრიდან არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფას. შესაბამისად, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:
  • შემჭიდროვებულ ვადებში წარმოადგინონ კონკრეტული სამოქმედო გეგმა პანსიონატში მყოფი ბავშვების სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებისა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილების თაობაზე;
  • დაუყოვნებლივ მიმართონ ყველა ზომას პანსიონატში სახალხო დამცველისა და სოციალური მუშკის ვიზიტებისა და ბავშვებთან ინდივიდუალური ურთიერთობის უზრუნველსაყოფად;
  • წარმოადგინონ დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტუციონალიზაციის გეგმა და დაინტერესებული საზოგადოების ფართო ჩართულობით დაიწყოს მისი ეტაპობრივი განხორციელება.

ნინოწმინდის სკოლა-პანსიონი სახალხო დამცველის ანგარიშში 2019 წელსაც მოხვდა. ბავშვთა სახლის ადმინისტრაცია კი სახალხო დამცველის აპარატს უნდობლობას უცხადებს
| Print |