საზოგადოება
ნინოწმინდის სკოლა-პანსიონი სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა
საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტმა, ბავშვზე ზრუნვის სისტემის მონიტორინგის სპეციალური ანგარიში წარმოადგინა.
48-გვერდიან დოკუმეტში ერთ-ერთი თავი რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში მყოფ პანსიონურ დაწესებულებებში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას ეხება.
2018 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა სამი მართლმადიდებლური და ოთხი მუსლიმური სკოლა-პანსიონის მონიტორინგი განახორციელა, მათ შორისაა ნინოწმინდის პანსიონი.
„მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი სკოლა-პანსიონებიდან მრავალფეროვანი კლასგარეშე აქტივობების კუთხით პრობლემებია ნინოწმინდის პანსიონში, სადაც ბავშვები ნაკლებად არიან ჩართული სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში, ფაქტობრივად არ არის ბავშვების სათანადო დასვენების, გაჯანსაღებისა და თავისუფალი დროის მათი სურვილისამებრ დაგეგმვის შესაძლებლობა. ასევე, კვლავ პრობლემურია, რომ სკოლაში, რომელიც ნინოწმინდის პანსიონთან ტერიტორიულად საკმაოდ ახლოს მდებარეობს, ბავშვები ჯგუფების მიხედვით დაჰყავთ აღმზრდელებს, დერეფანში ელოდებიან და შემდეგ პანსიონამდე მიაცილებენ. ბავშვები აღმზრდელების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან, მათ შორის, ეზოშიც და სკოლის დერეფნებშიც. პანსიონი შემოსაზღვრულია მაღალი გალავნით, რომლის დატოვების უფლება ასევე არ აქვს ბენეფიციარს აღმზრდელის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს საჯარო სკოლის საკლასო ოთახის ან პანსიონის ტერიტორიის გარეთ გასვლა დასჭირდება, აუცილებელია აღმზრდელთან შეთანხმება ან/და მისი გაყოლა. პანსიონის ადმინისტრაცია აღნიშნულ მოთხოვნას ბავშვების უსაფრთხოების დაცვით ხსნის, თუმცა, მეორე მხრივ, არასრულწლოვნებს, ფაქტობრივად, არ რჩებათ პირადი სივრცე, ვერ გადაადგილდებიან დამოუკიდებლად, რაც ვერ უზრუნველყოფს მათ მომზადებას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“, - წერია სახალხო დამცველის ანგარიშში.
საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგების თანახმად, ბავშვების სააღმზრდელო პროცესში, რელიგიურ პანსიონებში დასჯის მეთოდად შეიძლება გამოყენებული იყოს ყურის აწევა, თმის მოქაჩვა, კუთხეში დაყენება, რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის დროებითი შეზღუდვა, მეტანიების გაკეთება.
„ბავშვებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ მსგავსი მოპყრობის გაპროტესტების, თავიანთი განსხვავებული აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა და ისინი ეგუებიან არსებულ გარემოს. ერთ-ერთ დაწესებულებაში, კერძოდ, ნინოწმინდის პანსიონში არასრულწლოვნები თითქმის იზოლირებულები არიან სოციუმიდან, ამასთან, ბავშვებს არ აქვთ კონკრეტული ინფორმაცია, თუ ვის შეიძლება მიმართონ თავიანთი უფლებების დაცვის მიზნით“.
ბავშვზე ზრუნვის მიმართულებით, რელიგიური პანსიონების ფუნქციონირება ყველაზე პრობლემურ საკითხად რჩება, რაც უკავშირდება პანსიონების ლიცენზირების, სახელმწიფო კონტროლის უმოქმედობის და სააღმზრდელო გარემოს ბენეფიციართა ინდივიდუალურ საჭიროებებზე ნაკლებად ორიენტირების პრობლემებს.
შემოწმების ძირითადი მიზანი იყო პანსიონებში მცხოვრები ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა, იმ ძირითადი პრობლემებისა და გამოწვევების გამოვლენა, რომლებიც აღნიშნული დაწესებულებების ბენეფიციართა უფლებების ეფექტიან დაცვასა და კეთილსაიმედო გარემოში აღზრდის უფლებას აბრკოლებს.
გააზიარეთ :