როგორ მოხვდნენ უკრაინელები მესხეთში?
საქართველოში უკრაინელები პირველად მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩნდნენ. ისტორიული მონაცემებით, უკრაინელი კაზაკებისგან გაერთიანებული პატრიოტული მოძრაობა შეიქმნა, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. ეკატერინე მეორემ მათი დასჯა გადაწყვიტა. რუსეთის იმპერიისგან დევნილთა უმეტესობა სამხრეთისკენ წამოვიდა. თავდაპირველად აფხაზეთში გაჩერდნენ, შემდეგ კი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გადმოინაცვლეს.
1897 წლის მონაცემებით, საქართველოში 8 500 უკრაინელი ცხოვრობდა. მათგან 64% - ქალაქში, 36%-კი სოფლად. ამ დროისთვის მათი რაოდენობა შემცირებულია და დაახლოებით 6 034 მოსახლეს შეადგენს.
რეგიონებში განაწილების მიხედვით, ყველაზე მეტი უკრაინელი აჭარაში ცხოვრობდა - 55%. თბილისში - 42%, ქუთაისში -49%, ხოლო სამცხე-ჯავახეთში, დაახლოებით, 200 ოჯახი დამკვიდრდა.
ისტორიკოს ცირა მესხიშვილის თქმით, ჩვენს რეგიონში უკრაინელები პირველად 1853 წელს გამოჩნდნენ. პოლტავიდან და ჩერნოგორიიდან ბორჯომსა და ბაკურიანში დამკვიდრდნენ, მოგვიანებით კი ახალციხის მუნიციპალიტეტშიც დაიდეს ბინა.
მესხეთში დამკვიდრებული უკრაინელების გვარებს შორის ყველაზე გავრცელებული მარტინენკოა, მას მოჰყვება პაშჩენკო, ბანდურა, გავვა, შევჩენკო, უსინენკო და რომანენკო.
საინტერესოა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელის ისტორიაც, სადაც თავდაპირველად მხოლოდ უკრაინელები ცხოვრობდნენ. მოგვიანებით კი აქ ქართველებიც დასახლდნენ.
მესხეთში მცხოვრები უკრაინელების ინტეგრაცია ადვილად მოხდა და დღეს, ძირითადად, ქართულ ენაზე საუბრობენ. ახალგაზრდა თაობის უმეტესობამ უკრაინული ენა აღარ იცის, თუმცა უფროს თაობას ჯერ კიდევ აქვს შემორჩენილი მშობლიური ენა, სამზარეულო და ტრადიციები. ცირა მესხიშვილის ვარაუდით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში მათ მეგობრული გარემო დახვდათ და ტრადიციების დავიწყების აუცილებლობა არ შეჰქმნიათ.