დავოსურები
პირველ რიგში მადლობა ეკუთვნის დავოსის ფორუმელებს და ეს მადლობა განსაკუთრებით გვეკუთვნის ჩვენ, ქართველებს და საქართველოს.
მე არ მიყურებია ფორუმისთვის, ნათლისღებას აღვნიშნავდი მეგობრებთან ერთად. მხოლოდ ერთ მოკლე საინფორმაციო სტატუსს გავეცანი. მოლოდინები დავოსამდე ადრე მაქვს გაჟღერებული.
ადრე ვამბობდი, რომ ჯერ ჟურნალია, კინო ჯერ არ დაწყებულა. ფორუმზე კი ბაქომ თქვა - ეს მხოლოდ დასაწყისიაო.
გარშემო მეგობრები თვლიან რომ ფორუმზე თბილისი მოკრძალებული იყო ბაქოსთან და სხვებთან შედარებით. ამ მოსაზრებას არ დავეთანხმები და აი რატომ:
ბაქომ თქვა - სად არის სომხეთიო…
თბილისმა თქვა - კავკასია ჩვენ გვეკუთვნისო.
ბაქომ ხმას აუწია, თბილისმა - სიტყვებს.
სინამდვილეში სომხეთი იქ არის, სადაც უნდა იყოს. ორი წლის წინ ერევანმა ახალი ბილიკი გააჟღერა: ირანის ბანდერ-აბასის პორტიდან, სომხეთ-საქართველოს გავლით ტვირთების ორი მიმართულებით ტრანზიტისთვის. ერთი ბულგარეთის ვარნას პორტისკენ და მეორე - საბერძნეთის პირეოსის პორტისკენ. შარშან სომხეთმა ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის თემაც გახსნა. სომხეთს ბილიკი მზად აქვს, მაგისტრალისთვის ემზადება, მოვა სომხეთიც.
ადრე ვწერდით, რომ რამდენიც არ უნდა შეიკრიბონ ქვეყნები ასტანაში, პეკინში, ბრიუსელში თუ დავოსში, მაგიდის ერთ ბოლოში თუ ზის პეკინი, მაგიდის მეორე ბოლოში უნდა იჯდეს თბილისი. რადგან აბრეშუმის გზა იწყება ჩინეთის ყვითელი ზღვის სანაპიროდან და მთავრდება საქართველოს შავი ზღვის სანაპიროსთან. ამ მოცემულობას ვერავინ გაექცევა. როგორც ვიცი პეკინი არ იჯდა დავოსურ მაგიდასთან.
ახლა მთავარი. დავოსის ბილიკი-მაგისტრალის ფორუმი არც დასაწყისია და არც ფინიში. აწი დავოსები გაგრძელდება. პირველი შუა აზია შექმნის ახალ დავოსებს, მას ბაქო აუცილებლად აუბამს მხარს და უფრო დიდ ფორუმს გამართავს შემდეგში. მერე თურქეთი, ინდოეთი, მერე ერევანიც გამართავს… ბოლოს ყველა მიხვდება, რომ სანამ საქართველოს დეოკუპაცია არ მოხდება, მანამდე აბრეშუმის გზის პროექტი არ გაიკვანძება. აი მერე კი, ჩინეთი და ინდოეთი კი არა, სომხეთი და აზერბაიჯანი კი არა, თურქეთი, ყაზახეთი, იაპონია და ავსტრალია კი არა, ევროკავშირი და ბრიტანეთი კი არა, აშშ, კანადა, ავსტრალია და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიც კი მოიყრიან თავს აბრეშუმის გზის შუაგულ ქალაქ მცხეთაში. მაგ დროს კი მოსკოვიდან ჩამოტანილი რუკებით არავინ იხელმძღვანელებს. სხვა რუკები დატრიალდება იმ დავოსელი მილიარდერების ხელით. ზუსტად მაგ დროს გადაწყდება, ფედერაცია დარჩება რუკაზე თუ საქართველო. ორივე ერთად ერთ რუკაზე ვეღარ იქნება.
და მაშინ საქართველო ფორუმზე კვლავ მოკრძალებული იქნება, უკრაინასთან ერთად. უბრალოდ ქართველი ხალხი ისუნთქებს ოლიმპიური სიმშვიდით. ამისთვის გვეკუთვნის მადლობა ჩვენ, ქართველებს და საქართველოს.
ისე კი იცოდეთ, “სარტყელი და გზა” პირველად პეკინში გაჟღერდა. სიტყვა “ბილიკი და მაგისტრალი” პირველად საქართველოში გაჟღერდა, რუსთავიდან. მალე გაჟღერდება “საქართველოს ლოგისტიკური რუკა”-ც. ეს ფორმულირებაც იცით სად გაჟღერდა პირველი.
რასაც გეუბნებოდით, ისევ იმას გეტყვით: დარიალის კარი დაიკეტება, საფონდო ბირჟა გაიხსნება. ჯერ ჟურნალია, კინოც მალე დაიწყება და ეს კინო საქართველოს რეჟისორობით, საქართველოდან დაიწყება.
იმ 116 მილიარდერს კიდევ ერთხელ მადლობა.
ზურაბ მაღრაძე
აბრეშუმის გზის ასოციაციის
მმართველი პარტნიორი