ვინ აშენებდა აბრეშუმის გზას
ინგლისელმა ჟურნალისტმა დავით ყიფიანს უთხრა:
– მართალია, გაიმარჯვეთ, მაგრამ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, ვიცი, ცოტას გიხდიან და მშიერი რომ არ დარჩეთ, ჩვენთან გადმობარგდით სათამაშოდ, – და დამამცირებლად, ორმოცდაათფუნტიანი კუპიურა გაუწოდა.
დარბაზი გაისუსა... დათომ ჟურნალისტს კუპიურა გამოართვა. ჯიბიდან კალმისტარი ამოიღო, ხელი მოაწერა კუპიურაზე და უკან დაუბრუნა.
– გამოგადგება, ათმაგ ფასშიც შეგიძლია გაყიდო.
დარბაზმა მქუხარე ტაში დასცხო...
გაქანებული საბჭოეთის დროს, თეირანში, ირანის შაჰის ფალავანი ლევან თედიაშვილმა ზურგზე დადო. შაჰმა ლევანს ერთი სურვილის შესრულების ნებართვა მისცა. ლევანმა შაჰს სთხოვა, გაეთავისუფლებინა ციხიდან ირანელი მოჭიდავე, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის გამო იყო მსჯავრდებული და იგი ოჯახისთვის დაებრუნებინა. ლევანის ასეთი საქციელით შოკირებული იყო შაჰი.
პირველი ქართველი დიპლომატი სულხან-საბა ლუდივიკოს თავაზობდა, საქართველოს გავლით ეტარებინათ ფრანგებს სპარსული აბრეშუმი, რითაც გზა 3/4-ით შემცირდებოდა.
აკაკი ხოშტარია საკუთრებაში ფლობდა ირანში რკინიგზებს, თურქეთის ტრანსნაციონალურ ბანკს და კასპიის ნავთობმრეწველობას. დავით სარაჯიშვილი შვილობილი კომპანიების ბაქოში, ერევანსა და ვლადიკავკაზსში გახსნით კრავდა კავკასიას ერთ მუშტად, რათა გამართული დახვედროდა იგი ევროპასა და აზიას.
ნიკო ნიკოლაძე ბაქოდან ბათუმამდე გამართული რკინიგზისთვის იბრძოდა და ყველა ეს ხალხი აბრეშუმის გზას აშენებდა.
მიხეილ მესხი მოსკოვის დინამოსთან თამაშის დროს, როცა ქართველმა მეკარემ ბურთი კარისკენ ვერ შეაკავა, მასთან მივიდა, ყურში რაღაც უთხრა და შემდეგ ალი-ყური აწვნია. მეკარეს არც ხელი შეუბრუნებია და არც ხმა გაუღია. შემდეგში გაირკვა, თუ რა უჩურჩულა მესხმა მეკარეს - შენ მარტო ფეხბურთის კარს კი არ იცავდი, შენ დარიალის კარს იცავდიო.
სწორედაც, ყიფიანიდან თედიაშვილამდე - ინგლისიდან ირანამდე საქართველოშია #საფონდობირჟაგასახსნელი
სწორედაც, ფეხბურთის კარივით დასაცავია და #დარიალისკარიდასაკეტია
ყველა ასეთმა ღირსეულმა ქართველმა მთელი ბრძოლით, მთელი რისკების და მთელი დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად მსოფლიოს წინ დაუდეს ჩვენი სახელმწიფოს ფუნქციაც და ჩვენი ეროვნული ღირსებაც.
როგორც საქართველოს ნამდვილი ისტორიიდან ჩანს, აბრეშუმის გზას მეწარმეები, დიპლომატები, სპორტსმენები და თვითმმართველი კაცები აშენებდნენ. აბრეშუმის გზას პოლიტიკური პარტიები ვერ ააშენებენ. ისინი პაიკები არიან ამ საქმეში. აბრეშუმის გზა ერმა უნდა ააშენოს.
ზურაბ მაღრაძე
აბრეშუმის გზის ასოციაციის
მმართველი პარტნიორი