ახალციხე იმ ქალაქებს შორისაა, სადაც ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება ფიქსირდება
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე არსებული ინფორმაციით, 2024 წლის 25 დეკემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
პორტალზე არსებული მონაცემების მიხედვით, დღის განმავლობაში „ცუდი“ ჰაერის ხარისხი ფიქსირდებოდა თბილისის რამდენიმე წერტილში (რუსთაველის, მარჯანიშვილისა და ვარკეთილის მეტროების მიმდებარე ტერიტორიებზე), რუსთავში, (მეგობრობის გამზირისა (N35) და ბათუმის ქუჩის (N19) ტერიტორიებზე), ბათუმსა (ბათუმის ცენტრალური პარკის მიმდებარედ) და ახალციხეში.
უფრო კონკრეტულად, თბილისში, მარჯანიშვილის მეტროსთან დაფიქსირდა PM10 და PM2.5 შემცველობის, რუსთაველისა და ვარკეთილის მეტროების მიმდებარედ კი NO2 შემცველობის მატება. რუსთავის, ბათუმისა და ახალციხის შემთხვევაში დღის განმავლობაში ფიქსირდებოდა ჰაერში მყარი ნაწილაკების - PM10 და PM2.5 მატება.
ქვეყნის სხვა ტერიტორიებზე დღის განმავლობაში „დამაკმაყოფილებელი“, „კარგი“ ან „ძალიან კარგი“ ჰაერის ხარისხი ფიქსირდებოდა.