ჯანდაცვა
ასპინძაში "ყირიმ კონგოს" ვირუსით სამი ადამიანი დაავადდა
ასპინძის მუნიციპალიტეტში, ერთი კვირის განმავლობაში "ყირიმ კონგოს" ვირუსით სამი ადამიანი დაავადდა. ბოლო შემთხვევა ლაბორატორიულად დღეს, 26 აპრილს დადასტურდა.

"ყირიმ კონგო" დაბა ასპინძაში ახალგაზრდა მამაკაცს და სოფელ ორგორაში მცხოვრებ ორ ქალს დაუფიქსირდა. მათ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვთან კონტაქტის დროს ტკიპამ უკბინა. თავდაპირველად სამივე მათგანი მაღალი ტემპერატურით ახალციხის კლინიკებში შეიყვანეს, შემდეგ კი მათი გადაყვანა თბილისში გახდა საჭირო. ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოდ მძიმედ ფასდება, ერთი პაციენტის მდგომარეობა კი მძიმეა. იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაბა ასპინძასა და სოფელ ორგორაში საქონელი უკვე შეწამლა, სადაც დაავადება წინა წლებშიც დაფიქსირდა. სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის თქმით, ასპინძაში საქონლის დამუშავება მარტის ბოლოდან დაიწყეს. ლია ბექაური მოსახლეობას ურჩევს, რომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი თვეში ერთხელ თავად შეწამლონ.

ასპინძის ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ყირიმ კონგოს შემთხვევები ძირითადად, გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით ფიქსირდება. 2021 წელს მუნიციპალიტეტში დაავადების 2 შემთხვევა გამოვლინდა, 2020 წელს - სამი, ხოლო 2019-ში - 4. აქედან ერთი დაავადებული გარდაიცვალა.

ყირიმ-კონგოს ცხელება მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. ყირიმ-კონგოს ვირუსი ეპიდაფეთქებებით ხასიათდება. ვირუსული ინფექციის ძირითადი გადამტანები მინდვრის თაგვები და ტკიპები არიან. ტკიპამ ჯერ უნდა უკბინოს დაავადებულ მღრღნელს, რომელიც ინფექციის ძირითადი რეზერვუარია და შემდეგ - ადამიანს.

დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ჩნდება სისხლჩაქცევები კანზე, კანქვეშ, ნაკბენის მიდამოებში და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან.
ასევე ნახეთ: 

| Print |