ჯანდაცვა
მოტეხილობები და დაჟეჟილობები - როგორია დაშავებულთა მდგომარეობა
მოტეხილობები და დაჟეჟილობები - ძირითადად ამ დაზიანებით შევიდა სამარშრუტო ტაქსის რვა მგზავრი. ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომთან ახლოს, სოფელ ქვაბისხევთან მოხდა. ტრანსპორტში სულ 14 მგავრი იმყოფებოდა. დაშავებული მგზავრები სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ჯგუფმა ბორჯომის ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანა.

კლინიკის მენეჯერის ირაკლი დიასამიძის განმარტებით, ,,ორი მგზავრი უკვე გაეწერა და ამბოლატორიულად გააგრძელებს მკურნალობას, ერთს მოტეხილობები აქვს, ხოლო ხუთს დაჟეჟილობები. მათი მდგომარეობა, შეიძლება შეფასდეს საშუალო სიმძიმით" - აღნიშნავს დიასამიძე.

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 24 ივლისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევთან. ახალციხე-თბილისის სამარშრუტო ტაქსი, რომელიც ახალციხიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, სავარაუდოდ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

მომხდარზე გამოძიება, 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
| Print |