ქვაბისხევთან სამარშრუტო ტაქსი გადაბრუნდა, რომელშიც 14 მგზავრი იმყოფებოდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 24 ივლისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევთან. ახალციხე-თბილისის სამარშრუტო ტაქსი, რომელიც ახალციხიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, სავარაუდოდ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
საქალაქთაშორისო ტრანსპორტში დაახლოებით 14 მგზავრი იმყოფებოდა. არიან დაშავებულები. სავარაუდოდ რვა ადამიანი, ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, მსუბუქი დაზიანებებით. ინფორმაციას ტელეკომპანია ,,ბორჯომი" ავრცელებს.
მომხდარზე გამოძიება, 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.