ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს შემთხვევები დაფიქსირდა
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში 70 წლამდე კაცს ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება დაუდასტურდა. პაციენტი ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა. ყირიმ-კონგოს ცხელებით ავადობის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ახალციხის მუნიციპალიტეტში.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) არის ვირუსული ჰემორაგიული ცხელება, რომელიც ძირითადად ტკიპებს გადააქვთ. გადადება ასევე შესაძლებელია დაინფიცირებული ცხოველის ქსოვილებთან (ქსოვილთან, საიდანაც ვირუსი სისხლში შევიდა) კონტაქტით ამ ცხოველის დაკვლის დროს ან უშუალოდ დაკვლის შემდეგ. ყირიმ-კონგოს გავრცელება საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისებისთვის, რადგან ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ეპიდემიები, აქვს სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი (10-40%)
ტკიპის კბენით ვირუსის გადაცემის შემთხვევაში, ყირიმ-კონგოს ცხელების საინკუბაციო პერიოდი ძირითადად 1-3 დღეა, მაქსიმალური პერიოდი კი ცხრა დღე. ინფიცირებულ სისხლთან ან ქსოვილთან კონტაქტის შემთხვევაში, დაავადების საინკუბაციო პერიოდი ძირითადად 5-6 დღეა, მაქსიმალური პერიოდი კი 13 დღემდე გრძელდება.
სიმპტომები: ტემპერატურის მომატება, კუნთების ტკივილი, თავბრუსხვევა, კისრის ტკივილი, ტკივილი ზურგის არეში, თავის ტკივილი, თვალების წვა და სინათლისადმი მგრძნობელობა. გულისრევის შეგრძნება, ღებინება და ფაღარათი, ტკივილი მუცლის არეში, ყელის ტკივილი, განწყობის მკვეთრი ცვალებადობა და დაბნეულობა. სხვა კლინიკურ სიმპტომებს შორის არის ტაქიკარდია (გულისცემის მომატება), ლიმფადენოპატია (ლიმფური ჯირკვლების გადიდება) და პეტექიალური გამონაყარი (კანში სისხლჩაქცევებით გამოწვეული გამონაყარი) შიდა ლორწოვან ზედაპირებზე.
ოფიციალური მონაცემებით, რეგიონში პირუტყვის ვაქცინაცია ყოველწლიურად მიმდინარეობს. სამცხე-ჯავახეთში ყოველწლიურად ათობით ათასი აცრილი ცხოველის მიუხედავად, საქონლის დაავადებები უდასტურდება არა მარტო პირუტყვს, არამედ ადამიანებსაც.
2023 წელი
• ყირიმ-კონგოს დაავადების კერებში, 20 დასახლებულ პუნქტში 6733 სული მსხვილფეხა პირუტყვი დამუშავდა;
• წლის პირველ ნახევარში თურქულის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა სეროტიპზე ვაქცინირებულია 210 933 სული მსხვილფეხა და 103 285 სული წვრილფეხა პირუტყვი; რევაქცინირებულია 60 532 სული მსხვილფეხა და 14 024 სული წვრილფეხა პირუტყვი;
• წლის მეორე ნახევარში თურქულის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა სეროტიპზე ვაქცინირებულია 35 897 სული მსხვილფეხა და 189 523 სული წვრილფეხა პირუტყვი; რევაქცინირებულია 1185 სული მსხვილფეხა და 680 სული წვრილფეხა პირუტყვი.
2024 წელი
• ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებულია 9700 სული მსხვილფეხა პირუტყვი. გამოკვლეულია 1090 მსხვილფეხა და 180 წვრილფეხა პირუტყვის სისხლის სინჯი. დადებითად მორეაგირე აღმოჩნდა 55 სული მსხვილფეხა და 37 სული წვრილფეხა პირუტყვი;
• ყირიმ-კონგოს დაავადების კერებში, 11 დასახლებულ პუნქტში, ინსექტოაკარიციდული პრეპარატით დამუშავდა 4450 სული მსხვილფეხა პირუტყვი;
• თურქულის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა სეროტიპზე ვაქცინირებულია 118 062 სული მსხვილფეხა და 97 900 სული წვრილფეხა პირუტყვი; რევაქცინირებულია 12 900 სული მსხვილფეხა და 2000 სული წვრილფეხა პირუტყვი.
გააზიარეთ :