მესხური კერძების რეცეპტები სამ ენაზე გამოიცემა
თინა იველაშვილი მესხური კერძების შესახებ სამენოვან წიგნზე მუშაობს.
ისტორიკოსის ნაშრომი, რომელიც სამცხე-ჯავახეთის სამზარეულოზეა, 2019 წელს დაიბეჭდება. წიგნი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოიცემა და ილურსტრაციებით გაფორმდება. ავტორს ნაშრომზე მუშაობა დასრულებული აქვს. ამ ეტაპზე, რეცეპტები რუსულად ითარგმნება.
,,დღეს ბევრი კერძი მივიწყებულია და ახალგაზრდებმა მათი დასახელებაც არ იციან. წიგნში ყველაფერი გადმოვეცი, რაც დედაჩემისგან ვიცოდი, რასაც ადრე ვაკეთებდით და კარგ მოგონებებთან არის დაკავშირებული. ეს კერძები მესხების სავიზიტო ბარათია, რომელიც ტურისტებს ძალიან მოსწონთ. დაინტერესება დიდია, ამიტომ წიგნის თარგმნა ორ ენაზე ვამჯობინე. ვიცი, რომ ამით ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას აუცილებლად დავიცავ“ - ამბობს თინა იველაშვილი.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა და პროფესორმა, რეცეპტების პირველი წიგნი - ,,ხალხური სამზარეულო სამხრეთ საქართველოში“, 1991 წელს გამოსცა. ნაშრომი თბილისში 20 000-იანი ტირაჟით ორჯერ დაიბეჭდა და ავტორს პოპულარობა მოუტანა.
მასში სამცხე-ჯავახეთისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძების მომზადებაა აღწერილი.