დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აქცია სახელწოდებით „ჩვენი მწვანე ინიციატივა „ახალციხის ციხე“-ზე“ სიმბოლურად 22 აპრილს გაიმართა, ინიციატივის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა „ახალციხის ციხე“-ს, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და იმ სკოლის დირექტორებს შორის, რომლებიც ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობენ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელ „CENN”-თან.
აღნიშნული მემორანდუმით, ქალაქ ახალციხის და ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლები, ქალაქ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და „ახალციხის ციხე“ -ს ადმინისტრაცია თანხმდებიან დაწესებულებებს შორის კომუნიკაციისა, თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაძლიერების აუცილებლობაზე, გარემოსდაცვითი მწვანე ინიციატივების, გარემოსდაცვითი განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის, მდგრადი ტურიზმისა და გარემოსთან მეგობრული დამოკიდებულების პოპულარიზაციაში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
შეხვედრაზე, რომელიც საკონფერენციო დარმაზში მიმდინარეობდა დაისახა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, უახლოეს დღეებში ასევე შეიქმნება ინიციატივების გაზიარებისათვის ელექტრონული პლათფორმა. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებისათვის ასევე მოეწყო საინფორმაციო ტური ციხის ტერიტორიაზე არსებული მწვამე ნარგავების შესახებ.
აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სკოლების საბუნებისმეტყველო მეცნიერების პედაგოგები, მოსწავლეები და ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ კაპანაძე, რომელიც ასევე „CENN”-ის რეგიონული კოორდინატორია სამცხე-ჯავახეთში.
ინიციატივა ამ დღის აღნიშვნის შესახებ 1969 წელს წამოიჭრა სან ფრანცისკოში იუნესკოს კონფერენციაზე, 1970 წლიდან კი მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავენ. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველწლიურდ მილიონობით მოხალისე ერთვება.