კულტურა
კორხში, ეკლესიის უნებართვო მშენებლობის ავტორებს, არქეოლოგიური კვლევის ჩატარება დაევალათ
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ახალქალაქის სოფელ კორხში, გაფრთხილების და ჯარიმის მიუხედავად, ისტორიულ ძეგლზე ჩატარებულ სამუშაოებზე გადაწყვეტილება მიიღო. სამშენებლო პროცესის ინიციატორსა და სოფლის მოსახლეობას ერთთვიანი ვადა მისცა, რომ XIX საუკუნის ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტი და მშენებლობის ნებართვა მოიპოვონ. სააგენტოში ამბობენ, რომ ნებართვა არქეოლოგიური კვლევის შემთხვევაში გაიცემა.
„აუცილებლად უნდა მიიღონ ნებართვა პროექტზე, რომელიც ჩემი ინფორმაციით უკვე აქვთ, მაგრამ ჯერ არ არის შემოტანილი სააგენტოში. საპროექტო დოკუმენტაციაში პირობად ჩაიდება, რომ არქეოლოგიური კვლევა ჩაატარონ. აუცილებლად უნდა განხორციელდეს კვლევა. ვალდებულებაა, რომ დააფინანსონ ეს საქმეც“, - ამბობენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. ბექა ბარამიძის თქმით, სააგენტოს გადაწყვეტილება მხარეს წერილობით ეცნობება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხში, ადგილობრივი მკვიდრის იური წარუკიანის ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის საძირკველი გათხარეს, დაზიანებული კედლები დაანგრიეს და მათ ადგილზე ახალის ამოყვანას აპირებდნენ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მშენებლობის ინიციატორი ჯერ გააფრთხილა, შემდეგ კი 5 000 ლარით დააჯარიმა. ამის მიუხედავად, სამუშაოები არ შეჩერდა.
გააზიარეთ :