კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ბორჯომში კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაციას დაესწრება.
შეხვედრა გამგეობის სხდომათა დარბაზში 18 თებერვალს 11:00 საათზე გაიმართება. პრეზენტაციას უწყების პირველ პირთან ერთად მინისტრის მოადგილე ლევან ხატიაშვილი, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი გაუძღვებიან. შეხვედრას რეგიონის სხვადასხვა სახელოვნებო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების, შემოქმედებითი სექტორისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები დაესწრებიან.
კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა. დოკუმენტის დამტკიცებამდე, მისი სრულყოფის მიზნით, სამინისტრო სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაციებს თბილისსა და რეგიონებში მართავს.
კულტურის სტრატეგიის მიზანი, საქართველოში კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვის განსაზღვრაა, რომელიც წარმოაჩენს როგორც კულტურის თანდაყოლილ ღირებულებას, ასევე, მის მნიშვნელობას ეროვნული იდენტობისა და სოციალური ერთობის განმტკიცებასა და ქვეყნის მდგრად განვითარებაში.