კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძრის აღდგენისთვის პროექტი მომზადდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წელს მომზადდა პროექტი, რომელიც ტაძრის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
ტაძარი მნიშვნელოვანია, როგორც მხატვრული, ისე ევოლუციური თვალსაზრისით. XI საუკუნეში, ბაგრატ IV-ის დროს ტაძარს სტოა მიაშენეს, რომელიც შესაძლოა, თავდაპირველად, სამივე მხრიდან უვლიდა გარს დასავლეთ მკლავს. ახლა მისი მხოლოდ სამხრეთი ნაწილია გადარჩენილი; აღარ არსებობს გუმბათი, დაზიანებულია დასავლეთის მკლავი.
ძეგლის გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები 1975 წელს დაიწყო და ინტერვალებით 80-იანი წლების ბოლომდე მიმდინარეობდა.
კუმურდოს ეკლესია იმ იშვიათ ქართულ ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელზეც მრავალი წარწერაა განთავსებული, მათ შორის სამშენებლოც, რომელშიც მოხსენიებულია ქტიტორი, ხუროთმოძღვარი და მითითებულია აგების თარიღი – 964 წელი.