ახალციხეში ეროვნული დრამატურგიის მესამე თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. პირველი სპექტაკლი, „ამბავი ვეფხვისა და მოყმისა“ ადგილობრივ მაყურებელს თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრმა შესთავაზა. მესხეთის თეატრში ფესტივალის გახსნას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, უწყების წარმომადგენლები, მხარის გუბერნატორი და მუნიციპალიტეტის პირველი პირები დაესწრნენ.
ფესტივალის პირველმა დღემ მაყურებელთა სიმცირის ფონზე ჩაიარა. კულტურის მინისტრმა ადგილობრივებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.
წელს, ეროვნული დრამატურგიის მესამე თეატრალურ ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის 14 თეატრი მონაწილეობს. მაყურებლისთვის სპექტაკლებს თბილისის, გორის, რუსთავის, ჭიათურის, ქუთაისის, ფოთის, სოხუმისა და მესხეთის თეატრალური დასები გამართავენ.
ეროვნული დრამატურგიის თეატრალური ფესტივალი 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.