ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. ადმინისტრაციული შენობა ახალქალაქში, ნინოწმინდა-კარწახის გზაჯვარედინზე მდებარეობს. ცენტრში საგამოფენო სივრცეა მოწყობილი, სადაც ფიტულების ექპოზიციაა განლაგებული.
ველოტური, ტბაზე თევზაობა, საცხენოსნო და საფეხმავლო ტურები – ვიზიტორთა ცენტრი სტუმრებს სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობს. ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე ფრინველების 140-მდე და ძუძუმწოვრების 80-მდე სახეობა ბინადრობს, მათგან ზოგიერთი წითელ წიგნშია შესული.
ჯავახეთის დაცული ტერტორიები, რომელიც ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს მოიცავს, 2011 წელს შეიქმნა. მასში ჯავახეთის ეროვნული პარკი, კარწახისა და სულდის ჭაობების აღკვეთილი, ხანჩალის, ბუღდაშენისა და მადათაფის ტბის აღკვეთილები შედის. ჯავახეთის დაცული ტერიტორიების განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობა გადამფრენი ფრინველებია. ვიზიტორთა შენობისა და ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა.