კულტურა
შუა საუკუნეების სლესის ციხის ნაწილი ჩამოინგრა
სლესის ციხე, იგივე მოქცევის ციხე დაზიანდა. ჩამონგრეულია ციხე-კოშკის კუთხე, რომლის ნანგრევებიც ფერდობზე მიმოფანტული. ციხის დაზიანების შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომელიც დაზიანების ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.
„სამწუხარო ფაქტი. ჩამოინგრა სლესის ციხის კოშკის კუთხე. ამა წლის შემოდგომით ის ჯერ კიდევ დაუზიანებელი იყო. მცირე ნაწილია, მაგრამ ფერდობი მოფენილია ახლად ჩამოცვენილი "ცხელ-ცხელი" ქვებით" - წერს არჩილ მაისურაძე.
მის პოსტს სოციალურ ქსელში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გენერალური დირექტორი გამოეხმაურა, სადაც ნიკა ანთიძემ აღნიშა, რომ ექსპერტების ჯგუფი ციხის დაზიანებას ადგილზე შეისწავლის.
"მიდის სააგენტოს ჯგუფი ადგილზე, მოხდება სიტუაციის შეფასება, ადრე შესრულებულ ანაზომებთან შედარება, განისაზღვრება რესტავრაციის ბიუჯეტი 2021 წლის გეგმისთვის" - წერს ნიკა ანთიძე.
მისივე თქმით, ჯგუფი ციხეს 17 დეკემბერს მოინახულებს.
ციხე ქვაბისხევის სამხრეთ-დასავლეთით, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ველიდან ამოზრდილ ცალკე მდგომ გორაკზეა აღმართული. ციხე კლდესთან არის შეზრდილი და გზიდან ერთ მთლიან მასივად წარმოგვიდგება. იგი თითქმის ყველა მხრიდან მიუვალია. ციხე საკმაოდ დაზიანებულია, მონგრეულია კედლების ზედა ნაწილები. განგრეულია ღიობები. თითქმის მთლიანადაა დანგრეული ციხის შიდა ნაგებობები.
ციხეს ადრეფეოდალური ხანის ნაგებობებისათვის დამახასიათებელი ნიშნები გააჩნია. მას არ აქვს სათოფურები. იგი სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილზეა აგებული და ბუნებრივადაც საკმაოდ დაცულია. ციხიდან მტკვრის დინება ორივე მიმართულებით კარგად კონტროლდება.
შესაძლებელია სლესის ციხე და ნასოფლარი სლესა ეკუთვნოდეს „სლესართა“ გვარს, რომელიც მოხსენიებულია სამცხე-საათაბაგოს კათალიკოსის სამწყსოს თავადებში.
2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, სლესის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა.
სლესის ციხე დაზიანებამდე. არჩილ მაისურაძის ფოტო.
გააზიარეთ :