კულტურა
სლესის ციხეს საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება
სლესის ციხის დაზიანება ექსპერტებმა შეისწავლეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, დაზიანება მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია, რა დროსაც ციხის კუთხის ნაწილი ჩამოიშალა.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ ციხის რეაბილიტაცია სააგენტოს გეგმაში ჰქონდა, თუმცა ამ შემთხვევამ მოვლენები დააჩქარა.
„გეგმის სახით განვსაზღვრეთ, რომ მომდევნო წლის ზამთრის თვეებში, სააგენტო უზრუნველყოფს სლესის ციხის საკონსერვაციო პროექტის მომზადებას. რამდენიმე დღეში გადაწყდება თუ ვინ განახორციელებს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას. პროექტის შეძენის შემდეგ, შეთანხმების საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ფონდ „ქართუსთან“, უკვე დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაზაფხულის სეზონიდან სლესის სრულფასოვანი კონსერვაციისა და რესტავრაციის პროექტს დაიწყებს. პროექტი გაგრძელდება დაახლოებით 2 წლის განმავლობაში“ – განუცხადა „მეცხრე არხს“ სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ.
მისივე ინფორმაციით, კონსერვაცია-რესტავრაციის შემდეგ გეგმაშია, რომ განხორციელდეს ინფრასტრუქტურული ელემენტების მოწყობასაც, რის შემდეგაც ტურისტული თვალსაზრისით, სლესის ციხე თვალსაჩინო ობიექტი გახდება.
შეგახსენებთ, რომ სლესის ციხის დაზიანების შესახებ ინფორმაცია და ფოტო-მასალა სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა.
გააზიარეთ :