ახალციხის საკრებულოში შექმნილმა ჰერალდიკის კომისიამ ქალაქის სიმბოლოკის ორი ნამუშევარი შეარჩია. გერბისა და დროშის ნიმუშები რეკომენდაციისათვის დედაქალაქში გადაიგზავნება. კონკურსის ფარგლებში, ოთხი ავტორის მიერ წარდგენილი ცხრა ნამუშევარი საკრებულოს წევრებთან ერთად ისტორიკოსებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა განიხილეს.
ლომი, ჯვარი, ფარ–ხმალი, ციხე– ეს ის ნიშნებია, რომლებიც ჰერალდიკის კონკურსში მონაწილეებმა საკუთარ ნამუშევრებზე დაიტანეს. ქალაქ ახალციხის სიმბოლიკისათვის ოთხი ავტორის მიერ წარმოადგენილი ცხრა ნამუშევარი, ჰერალდიკის კომისიამ განიხილა. საკრებულოს წევრებმა, ისტორიკოსებმა და მხატვრებმა ნიმუშებიდან, დედაქალაქში გადასაგზავნად, მხოლოდ ორი ესკიზი შეარჩიეს. ორივე მათგანის ავტორი ერთი პიროვნებაა. კომისიის წარმომადგენელთა თქმით, ნამუშევრებში შესაძლოა გარკვეული შესწორებებიც შევიდეს.
ნიმუშთა შერჩევისას, ჰერალდიკის კომისიის წევრთა ნაწილმა პრეტენზია გამოყენებულ ფერებზე გამოთქვა. კერძოდ, ისტორიკოსების თქმით, მწვანე ფერი აზიური წარმოშობისაა, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუკი ნამუშევრების ავტორები აღნიშნულ ფერს სიმბოლოკებში არ გამოიყენებენ. ხოლო ხელოვნებათმცოდნეებმა ლურჯი ფერი დაიწუნეს, რადგან მათი განმარტებით, ლურჯი ზღვისპირა ქალაქთან ასოცირდება. გარდა ამისა, საუბარი შეეხო სიმბოლიკებს. კომისიის წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გერბსა და დროშაზე ხმალი არ უნდა იყოს გამოსახული, რადგან იგი აგრესიის ნიშანია. მათივე თქმით, ყურადღება უნდა მიექცეს ჯვრების ფორმასა და რაოდენობასაც.
ახალციხის სიმბოლიკისთვის გერბისა და დროშის ესკიზები საკრებულოში 17 ივლისს, კონკურსის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე შევიდა. როგორც კომისიის თავმჯდომარე, თამარ გოგოლაძე განმარტავს, ნამუშევარები დალუქული იყო და იგი კომისიის წევრთა თანდასწრებით გაიხსნა. ნიმუშის შერჩევის დროს ავტორთა ვინაობა წევრთათვის უცნობი იყო. არჩეულ ესკიზებთან დაკავშირებით, ჰერალდიკის საბჭო გარკვეულ რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
ქალაქ ახალციხის მუნციპალიტეტმა სიმბოლოების შექმნის შესახებ კონკურსი 17 ივნისს გამოაცხადა. მსურველებს შესაძლებლო ჰქონდათ საკუთარი ნამუშევარი ერთი თვის ვადაში წარედგინათ. მოთხოვნების მიხედვით, ესკიზები ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით უნდა ყოფილიყო შექმნილი. პროექტის ავტორს სიმბოლიკაში ჰერალდიკური და ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა, ასევე, გეოგრაფიული მდებარეობა უნდა აესახა. ჰერალდიკის კომისიის საბოლოო სხდომა 24 ივლისს გაიმართება. გამარჯვებული კონკურსანტი ჯილდოს სახით, 1 000 ლარს მიიღებს.