აქციის მე-11 დღე ახალციხეში
ახალციხეში მე–11 დღეა აქციის მონაწილეები ყოველდღე იკრიბებიან. „თავისუფლება ივანიშვილის რეჟიმის პატიმრებს, თავისუფლება მზია ამაღლობელს, ვითხოვთ ახალ არჩევნებს“– ეს ის ძირითადი გზავნილებია, რითაც აქციის მონაწილეები მე-11 დღეა რუსთაველის ძეგლთან მოთხოვნებით გამოდიან.
28 ნოემბრის შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავმა უწყებებმა არაერთხელ გამოიყენეს ძალა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დასაშლელად. დააკავეს ასობით პირი, რომელთა დიდი ნაწილი ამბობდა, რომ დაკავებისას და მას შემდეგაც, პოლიციამ მათზე ფიზიკურად იძალადა. როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად ითხოვს დაისაჯონ მოქალაქეებზე ძალადობაში დამნაშავე პირები. დღემდე, მომხდარ დანაშაულებზე არც ერთი სამართალდამცველი არ არის პასუხისგებაში მიცემული.
არჩევნების გაყალბების და მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობის გამო, დასავლურმა ქვეყნებმა, მათ შორის აშშ–მ, დიდმა ბრიტანეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და უკრაინამ „ქართული ოცნების 150–ზე მეტი პირი დაასანქცირა. მათ ნაწილს ეკონომიკური და ფინანსური სანქციები აქვს, ნაწილს კი სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვები.