ახალციხეში ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება მესხეთის პროფესიულ დრამატულ თეატრში მოეწყო. მასში მონაწილეობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან ფოლკლორის სხვადასხვა დარგის წარმომადგენელმა მიიღო.
ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ ტრადიციული გალობის საეკლესიო
გუნდები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ინდივიდუალური
შემსრულებლები, სახალხო მთქმელები. გარდა ამისა, გამოიფინა სახვითი და
გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. ღონისძიება მთელი დღის
განმავლობაში გაგრძელდა.
ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი რეგიონებში ფოლკლორის ყველა დარგის
წარმოჩენას ემსახურება. იგი 4 ივლისს საზეიმოდ გაიხსნა და
კახეთის, სამეგრელო-ზემოსვანეთის, რაჭა-ლჩხუმისა და ქვემო სვანეთის
რეგიონებში უკვე გაიმართა.
სამცხე-ჯავახეთის შემდეგ კულტურული ღონისძიება მცხეთა-მთიანეთში გადაინაცვლებს.
ფესტივალი, ფოლკლორის ეროვნული ცენტრისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით იმართება.