ტრისტული სეზონი ახალციხეში აქტიურ ფაზაში გადადის. ბოლო მონაცემებით, ახალციხის ციხის ისტორიულ კომპლექსში 55 ათასზე მეტი ვიზიტორი დაფიქსირდა, მიუხედავად ამისა ციხის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ტურისტების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით შემცირებულია.
ახალციხის ციხის ისტორიულ კომპლექსში, ტურისტული სეზონი აქტიურად მიმდინარეობს. ციხის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ობიექტი ამ დრომდე 55 ათასზე მეტმა ვიზიტორმა მოინახულა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ტურისტების დიდი რაოდენობა, ძირითადად, რუსეთიდან, ისრაელიდან და პოლონეთიდან დაფიქსირდა. დამთვალიერებელთა სიმრავლის მიუხედავად, ლილი გოზალიშვილი ამბობს, რომ ვიზიტორთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით ნაკლებია.
„საქართველოში პირველად ვართ, ძალიან ლამაზი მთები და ბუნება გაქვთ. ლამაზია ახალციხის ციხე. აქ სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს, გვინდა, რომ მთელი რეგიონი შემოვიაროთ. მომავალ წელსაც აუცილებლად ჩამოვალთ და ჩვენს მეგობრებს წამოვიყვანთ“
ახალციხეში, სასტუმროებისა და ბარ-რესტორნების ხელმძღვანელები აღნიშნავენ, რომ ქალაქში შემოსული ტურისტების დასახვედრად მზად არიან. ყოველდღიურად ვიზიტორებს ელოდება ახალციხის ცენტრში მდებარე სასტუმრო „ლომსიაც“. ადმინისტრაციის განმარტებით, დაწესებულება სტუმრებს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ნომრებს სთავაზობს. მათ მომსახურებაშია, ასევე, ბარ-რესტორანც. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში მიმდინარე წელს დამთვალიერებლთა რაოდენობა ნაკლებია, ლომსია სტუმრების სიმცირეს მაინც არ უჩივის.
ვიზიტორებს სამცხე–ჯავახეთში არსებული ტურისტული ობიექტების შესახებ ინფორმაციას, ახალციხის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი აწვდის, რომელიც რაბათში, ციხის ტერიტორიაზე მდებარეობს. ცენტრის კონსულტანტი განმარტავს, რომ ისინი ვიზიტორებს ტრანსპორტის მოძიებასა და დაბინავებაშიც ეხმარებიან. ნინო მელიქიძის თქმით, ახალციხის ციხის გარდა, ტურისტებს რეგიონში ყველაზე მეტად ვარძიის, საფარის, ზარზმისა და ჭულეს სამონასტრო კომპლექსების დათვალიერება სურთ.
სამცხე-ჯავახეთში აქტიური ტურისტული სეზონი აპრილის თვიდან დაიწყო. სპეციალისტები სეზონის დასრულებას ნოემბრისთვის ვარაუდობენ, მიუხედავად ამისა, ახალციხის ციხის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ისტორიული კოპლექსი მთელი წლის განმავლობაში ვიზიტორთა დასახვედრად მზად არის. ბოლო ექვსი თვის მონაცეემებით, ციხის ბიუჯეტში 206 275 ლარი შევიდა, რომელიც წინა წლის მაჩვენებელთან სედარებით გაზრდილია.