30 ივნისს, მესხეთში ახალციხელობა აღინიშნა. წმინდანის ხსენების დღე, რომელმაც დროთა განმავლობაში სახალხო დღესასწაულის სახე მიიღო, შალვა ახალციხელის სახელს უკავშირდება. მასშტაბური სპორტული და კულტურული ღონისძიებები, ხალხური რეწვის ნიმუშთა გამოფენა, “საპატიო ახალციხელები” და არაერთი წარმატებული ადამიანის დაჯილდოება – ასე აღინიშნა დღესასწაული რაბათის ისტორიულ უბანში.
ახალციხელობასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ქალაქში, სპორტული აქტივობებით დაიწყო. სასპორტო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩის ფეხბურთი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ოთხმა გუნდა მიიღო. გარდა ამისა, ახალციხის ქუჩებში გარბენიც მოეწყო, სადაც საკუთარი შესაძლებლობები 30–მდე ახალგაზრდამ წარმოაჩინა. საბოლოოდ, ვაჟებს შორის გამარჯვება, მინდია ენდელაძემ მოიპოვა, ხოლო გოგონებს შორის განსაზღვრული დისტანცია, ყველაზე სწრაფად, მართა ჯვარიძემ გაირბინა.
ქალაქში გამართული სპორტული აქტივობების შემდეგ, ახალციხელობასთან დაკავშირებულმა ღონისძიებებმა რაბათის ისტორიულ უბანში გადაინაცვლა. სპორტული ნაწილი, ციხის ტერიტორიაზე, ქართული ჭიდაობით გაიხსნა, რის შემდეგაც შეჯიბრებები გაიმართა მკლავჭიდში, ნარდსა და ჭადრაკში.
სპორტული ღონისძიებების პარალელურად, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ადგილობრივმა თვითნასწავლმა და სამხატვრო სკოლის ხელოვანებმა, საკუთარი შემოქმედება, ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოადგინეს.
რაბათის ტერიტორიაზე, 18:00 საათის შედეგ, დღესასწაულის კულტურული ნაწილი გაიხსნა. ფოლკლორული და საესტრადო სასიმღერო ნომრები, აგრეთვე ხალხური ცეკვები, ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა და შემსრულებლებმა წარმოადგინეს. ღონისძიების პარალელურად გამოვლინდა ტრადიციული სამი „საპატიო ახალციხელელი“. წელს ეს წოდება: კულტურის განყოფილების ყოფილ გამგეს ელგუჯა კოპაძეს, პოეტ ვასილ კვინცხაძესა და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაამაარსებელსა და ამჟამინდელ რექტორს, მერაბ ბერიძეს ერგო. „საპატიო ახალციხელები“ წელს მოსახლეობამ გამოავლინა
ღონისძიება ესტრადის მომღერალთა კონცერტით დასრულდა. სპეციალურად ამ დღისთვის, დედაქალაქიდან ახალციხეს ნუგზარ კვაშლი, თემურ ყვითელაშვილი, ზურაბ მანაგაძე, მაკა ზამბახიძე და სხვა ცნობილი მომღერლები ესტუმრნენ.
მერიის ინფორმაციით, ახალციხელობისათვის სულ 30 000 ლარი გამოიყო. მათი ნაწილი მონაწილეთა დაჯილდოვებისათვის დაიხარჯა. ფასიანი საჩუქრები გადაეცა სპორტული შეჯიბრებების 27 სპორტსმენს ექვს სახეობაში, აგრეთვე, 2014 წელს არჩეულ საპატიო მოქალაქეებს, ადგილობრივ სერგეი კირაკოსიანს, 13 ივნისს თბილისში დაზარალებულთა დასახლმარებლად დიდი ოდენობის თანხის გამოყოფისათვის და პროექტ ,,ეტალონის“ წამყვანს გოჩა ტყეშელაშვილს. ახალციხელობა ფეიერვერკით დასრულდა.