“საპატიო ახალციხელის” წოდება, ახალციხელობის დღესასწაულზე, კიდევ სამ ადგილობრივს მიენიჭა. ტიტული წელს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ბერიძემ, კულტურის განყოფილების ყოფილმა გამგემ ელგუჯა კოპაძემ და სახალხო მთქმელმა და პოეტმა ვასილ კვინცხაძემ მიიღეს. შესაბამისი ჯილდო მათ სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა და ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ და გადასცეს.
მათ გარდა, დასაჩუქრდნენ, 2014 წლის “საპატიო ახალციხელებიც”. ასევე სპეციალური ჯილდო გადაეცა ადგილობრივი ტექნიკის მაღაზიის მეპატრონეს სერგეი კირაკოსიანს, რომელმაც თბილისში სტიქიის დროს დაზარალებულთა დასახმარებლ აქციაში დიდი წვლილი შეიტანა. ასევე, დასაჩუქრდა პროექტ “ეტალონის” წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილიც.
“საპატიო ახალციხელები” წელს პირველად საზოგადოებამ შეარჩია. აღნიშნულისთვის მერიის საორგანიზაციო განყოფილების თანამშრომლებმა, მოსახლეობაში გამოკითხვა ჩაატარეს. შერჩევითი პრინციპით, გამოკითხვაში მონაწილეობა 200–მა ადამიანმა მიიღო. პირისპირ ინტერვიუს გარდა, ჩატარდა სატელფონო გამოკითხვაც. პარალელურად, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ინერაქტივი მიმდინარეობდა, სადაც 10 კანდიდატი იყო ჩამოთვლილი. ხმის მიცემა სასურველი ადამიანისთვის, ნებისმიერ მსურველს შეეძლო. საბოლოოდ, ყველა შედეგი შეჯამდა და “საპატიო ახალციხელის” წოდება სწორედ, აღნიშნულ პიროვნებებს მიენიჭათ.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დღესასწაულზე პიროვნებებისთვის “საპატიო ახალციხელის” წოდების მინიჭების ტრადიცია, რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ 2013 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოს თავმჯდომარის ოლეგ სანდროშვილის ინიციატივით აღდგა, რა დროსაც ტიტული კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს, გიტარისტ თემურ ყვითელაშვილსა და რეჟისორ თემურ ჩხეიძეს მიენიჭათ. 2014 წელს კი “საპატიო ახალციხელის” წოდება ვალის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა სტეფანემ, ჯაყელების შთამომავალმა ომარ ჯაყელმა და ახალციხის კულტურის სამსახურის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ კვესელაძემ მიიღეს.