მესხეთის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში სპექტაკლი „აივანი“ დაიდგა. ეს სწორედ ის თეატრალური წარმოდგენაა, რომლის მეშვეობითაც, მსახიობმა ლია სულუაშვილმა, გორში გამართულ კომედიის ფესტივალზე, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, ჯილდო მიიღო.
სპექტაკლში მსახიობი ოჯახის ყველაზე უფროსი წევრის როლს
თამაშობს.
მას ზოგჯერ მეხსიერება ღალატობს, თუმცა ყველა დეტალს მონდომებით აკვირდება და ოჯახის წევრებს შენიშვნებზე მიუთითებს. იგი შვილისგან მალულად აივანზე გამოდის და წარსულს მისტირის, გარდაცვლილ მეუღლეს ხშირად ესაუბრება და ეფერება. ყველაფერი კი ტრაგედიით მთავრდება, ფერმონიას ოჯახს სახლის ნაწილს ართმევენ.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი გიორგი შალუტაშვილია. მისი თქმით, მესხეთის თეატრი საქართველოში ერთ-ერთი ლიდერია. იგი ცდილობს, რომ ახალციხელ მაყურებელს საკუთარი სპექტაკლები ყოველ წელს შესთავაზოს.
„აივანი“ გიორგი შალუტაშვილის რეჟისორობით დადგმული მესამე სპექტაკლია, რომლის მეშვეობითაც, მესხეთის თეატრმა ჯილდო, მათ შორის გრან-პრი მიიღო.