რაბათის ტერიტორიაზე არსებული აბანოების აღდგენა იწყება. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ძეგლს პირვანდელ სახეს დაუბრუნებს.
აღმოსავლური ტიპის აბანოები, რომელიც ახალციხის უძველეს უბანში მდებარეობს, დღეს უკვე ასე გამოიყურება. საუკუნეების წინ აბანოებთან მრავალი რიტუალი იყო დაკავშირებული, შენობა მცირე და დიდი ზომის ოთხებისგან შედგებოდა და თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება ჰქონდა. აქ მანდილოსნების განბანვა ცალკე ოთხში ხდებოდა, ხოლო მამაკაცებისთვის სპეციალური აუზები იყო მოწყობილი. ისტორიკოსების თქმით ნაგებობა, რომელიც მე–17–მე–18 საუკუნეებს განეკუთვნება, დიდი ისტორიის მატარებელია და თავისი სტუქტურით უნიკალურია.
აბანოები ტურისტებისათვის საინტერესო და მიზიდველი რომაა ამაზე ახალციხის ციხის ტურიზმის სამსახურის უფროსიც საუბრობს. გიორგი ჩერქეზიშვილის თქმით, მნიშვნელოვანი იქნება თუ ნაგებობას პირვალნედლი სახე დაუბრუნდება და ისტორიულ კომპლექსს აღმოსავლური აბანოებიც მიემატება.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რაბათის ტერიტორიაზე გარსებულ ისტორიულ აბანოებს პირვანდელი სახე დაუბრუნდება. სააგენტოს დირექტორის მოადგილის თქმით, პროექტი ნაწილობრივ მზადაა და მისი რესტავრაცია მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, როცა ქალაქის მერია გაწმენდით სამუშაოებს დაასრულებს.
რაბათის ტერიტორიაზე არსებული აბანოების რესტავრაციის პირველ ეტაპს – გაწმენდით სამუშაოებს ახალციხის მერია განახორციელებს. საქმიანობის შესასრულებლად ქალაქის ბიუჯეტიდან, დაახლოებით 35 000 ლარი გამოიყოფა. მერის მოადგილის თქმით ტენდერის ჩატარების შედეგად ის კომპანია შეირჩევა, რომელიც ტერიტორიას გაასუფთავებს და რესტავრაციისთვის მოამზადებს.
რა თანხა დაჭირდება რაბათის ტერიტორიაზე არსებული აბანოების აღდგენას – ამაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ვერ საუბრობენ. პროექტის ბიუჯეტი ცნობილი საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება.