საფარის გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება– მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში მონასტრამდე მისასვლელი გზის მონაკვეთისთვის 3 მილიონი დოლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, იგეგმება ტაძრის რეაბილიტაციაც.
ტურისტებსა და მომლოცველებს საფარის სამონასტრო კომპლექსამდე მისვლა დღემდე ერთადერთი, მწყობრიდან გამოსული გზით უწევთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ტაძარში მისვლისას, პრობლემა მშრალი ამინდების დროსაც ექმნებათ. ისტორიული ძეგლი და მისი მიმდებარე ტერიტორია ტურისტებში დიდ ინტერესს იწვევს, თუმცა უგზოობის გამო, მათთვის საფარის მონახულება რთულია.
საფარის სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზის აღდგენითი სამუშაოები, მსოფლიო ბანკის მესამე პროექტით ფინანსდება. მის ფარგლებში, 8 კილომეტრიანი მონაკვეთისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, სულ 3 მილიონი დოლარია გამოყოფილი. რეგიონის გუბერნიაში განმარტავენ, რომ სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი კურირებს. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საპროექტო სამუშაოები დასრულებულია. შესაბამისად, უკვე შესაძლებელია, რომ აღდგენითი სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყოს.
ისტორიულ ძეგლამდე მისასვლელი გზის გარდა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ტაძრის რეაბილიტაციასაც გეგმავს. გასულ წელს დაწყებული სამუშაოები წელსაც გაგრძელდება. შარშან, მთავარი ტაძრის გუმბათის სახურავის შეკეთება, სამრეკლოს რეაბილიტაცია და ძველი კიბის აღდგენა მოხდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი განმარტავს, რომ პროექტი შედგენილია და მისი განხორციელება ეტაპობრივად მოხდება.
ისტორიული ძეგლისა და მასთან მისასვლელი გზის აღდგენითი სამუშაოები, მსოფლიო ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოებს, ადგილზე ზედამხედველობას მუნიციპალური განვითარების ფონდი გაუწევს. მსოფლიო ბანკის მესამე პროექტის მიხედვით, სამცხე–ჯავახეთისა და მცხეთა–მთიანეთის რეგინებისათვის, 60 მილიონი დოლარია გათვალისწინებული. მის ფარგლებში, მესხეთში, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, 14 პროექტი განხორციელდება. სამუშაოები 2015 წელს დაიწყება და 2020 წელს დასრულდება.