მესხეთის თეატრის შენობის რეაბილიტაციისათვის, საპროექტო სამუშაოებზე, ტენდერი უკვე მეოთხედ ჩავადრა. 3 თვიანი ლოდინის შემდეგ, ამ დრომდე, არ მოიძებნა კომპანია, რომელიც შენობაში სამშენებლო სამუშოებზე პროექტს შეადგენს.
მესხეთის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, პროექტის შესადგენად, სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე, ტენდერი კიდევ ერთხელ, უკვე მეხუთედ გამოცხადდა. ადმინისტრაცია იმედს იტოვებს, რომ რომელიმე კომპანია განაცხადს ამჯერად მაინც გამოეხმაურება და სამშენებლო სამუშოებისათვის პროექტს შეადგენს. 4–ჯერ ჩავარდნილი ტენდერისა და კომპანიების პასიურობის მიზეზად, თეატრის ადმინისტრაცია ტენდერით გათვალისწინებულ ერთ–ერთ პირობას ასახელებს. რომლის მიხედვითაც, როგორც საპროექტო, ასევე სამშენებლო სამუშოებს, დასრულების შემდეგ, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზა შეისწავლის. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კომპანიები პასუხისმგებლობას თავს სწორედ ამის გამო არიდებენ.
რა სახის მოთხოვნებს ერიდებიან სამშენებლო კომპანიები, რის გამო შეიძლება მათ უარი თქვან ტენდერში მოანწილეობაზე და ზოგადად, როგორ მუშაობენ ისინი ახალციხის მასშტაბით, ამ საკითხებზე ,,მე–9 არხი“ ინჟინერ–მშენებელს ესაუბრა. გიორგი ჯანაშვილი, რომელსაც საინჟინრო სფეროში 50 წლიანი გამოცდილება აქვს, განმარტავს, რომ სამშენებლო კომპანიების უმრავლესობა, არაპროფესიონალი კადრებით არის დაკომპლექტებული. შესაბამისად, ისინი ისეთ ტენდერს ეძებენ, სადაც ნაკლები მოთხოვნა იქნება და შესრულებულ სამუშაოებს მაღალი დონის ექსპერტიზა არ ჩაუტარდება. ინჟინერი აღნიშნავს, რომ დღეისათვის, არაერთი ობიექტია, რომლის მშენებლობის ხარისხი პროექტს არ შეესაბამება. გიორგი ჯანაშვილი იხსენებს, რომ მისი მუშაობის პერიოდში, შესრულებულ სამუშოებს სახელმწიფო ექსპერტიზა უტარდებოდა.
სამშენებლო კომპანიებსა და მათ მიერ შესრულებულ სამუშაოებთან ყველაზე ხშირი შეხება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურულ სამსახურს აქვს. მისი უფროსი, ნოდარ ბალახაშვილი განმარტავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ტენდერებს ძირითადად გზების მშენებლობაზე აცხადებს, თუმცა შესრულებული სამუშაო, როგორც ლაბორატორიულად, ასევე სპეციალური ინსპექტირების ჯგუფის მიერ მოწმდება, აღნიშული მოთხოვნა კი სატენდერო წინადადებაში გათვალისწინებულია. იმას, რომ მშენებარე კომპანიები არაკომპეტენტური პირებით არის დაკომპლექტებული, ბალახაშვილი არ ეთანხმება. მისი თქმით, კომპანიების პასიურობა, შესაძლოა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო საექსპერტო ბიურომ გამოიწვიოს, რადგან დასკვნის მიღება აღნიშნული ბიუროსგან ყოველთვის დიდ დროს მოითხოვს.
მესხეთის თეატრის რეაბილიტაციისთვის მეხუთედ გამოცხადებული ტენდერის ბოლო ვადა 22 მაისამდე განისაზღვრა. შენობის 61 ფანჯრის მეტალო–პლასტმასის მასალით შეცვლისათვის, სახურავის ნაწილობრივი გადახურვის, სცენის იატაკის აღდგენისა და სადრენაჟო–საკანალიზაციო სისტემის მოწყობისათვის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია რომ მომზადდეს, დაწესებულება ტენდერს 5 100 ლარის ფარგლებში აცხადებს. სამშენებლო სამშოებისათვის კი სულ კულტურის სამინისტრომ 150 000 ლარი გამოყო.