აწყურის ტაძარი საუკუნეების შემდეგ პირვანდელ სახეს დაიბრუნებს
20:10 / 14.05.2015
მიმდინარე წელს აწყურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის აღდგენა დაიწყება.
პირველ ეტაპზე არქეოლოგიური და გეოლოგიური სამუშაოები ჩატარდება. ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტის თქმით, აღნიშნულის მეშვეობით სრულფასოვანი პროექტის შედგენა მოხდება. არქეოლოგიური გათხრებისას მნიშვნელოვან ნივთებთან ერთად სამშენებლო მასალებსაც ამოიღებენ, რომელის გამოყენებაც რესტავრაციის დროს მოხდება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტაძარი პირველად 2008 წელს დაპროექტდა, თუმცა მისი საფუძვლიანი აღდგენისთვის პროექტი კორექტირებასა და უფრო მეტ კონკრეტიზაციას საჭიროებს. ნიკოლოზ ანთიძის თქმით, ძეგლის რეაბილიტაციის სრულფასოვანი პროექტი და არქეოლოგიური სამუშაოების შედეგები, ოქტომბრის თვეში გახდება ცნობილი. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, ეკლესიის სრული აღდგენისთვის რა თანხაა საჭირო და რამდენ ხანში დასრულდება მისი რეაბილიტაცია.
აწყურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის აღდგენითი სამუშაოებისათვის თანხების მოძიებასთან დაკავშირებით მსჯელობა ამ დრომდე მიმდინარეობს. ტაძრის რეაბილიტაცია შესაძლოა მსოფლიო ბანკმა დააფინანსოს ან შესაბამისი თანხები სახელმწიფოს სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის კი 200 000 ლარამდე თანხაა განსაზღვრული.
გადმოცემის მიხედვით, პირველ საუკუნეში ანდრია პირველწოდებულმა აწყურში პირველი კათედრა ჩამოაყალიბა და ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დააბრძანა. მართლმადიდებლური სამყაროს ერთ–ერთი უდიდესი სიწმინდე ამ დროისათვის დაკარგულია. მისი ყველაზე ძველი ასლი საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაბრძანებული. ისტორიკოსები ამბობენ, რომ გადმოცემა, რომელიც ტაძართან და ხელთუქმნელ სიწმინდესთანაა დაკავშირებული, მესხებისათვის საამაყოა. სწორედ ამიტომ, ადგილობრივებითვის ეკლესიის აღდგენა მშიშვნელოვანია.
აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია საქართველოში პირველი საკათედრო ტაძარია. იგი მოქმედი მეთექვსმეტე საუკუნის ბოლომდე იყო. ისტორიული მონაცემებით, თურქების შემოსევების დროს, წირვა–ლოცვა შეწყდა, რის შემდეგაც იგი გაიძარცვა. კედლები, რომლებმაც ჩვენს ეპოქამდე მოაღწია, მე–10–მე–11 საუკუნეებს განეკუთვნება. თუმცა, აღმოჩენილია უძველესი ეკლესიის ნაშთებიც. გადმოცემის მიხედვით, ღვთისმშობლის ტაძრის სიდიდე და სიადიადე მნახველს აოცებდა. მთლიანად ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის სიგრძე 57 მეტრს შეადგენს, ხოლო სიგანე 24 მეტრია. აღსანიშნავია ისიც, რომ აწყურის საკათედრო ეკლესია, საქართველოში ტაძრების აგებისას, ხუროთმოძღვრებისათვის სამაგალითო ძეგლი იყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.