ახალგაზრდული ფესტივალის „ჩემი თავისუფალი დროს“ ფარგლებში ახალციხეში სხვადასხვა აქტივობა გაიმართა. ახალციხის ცენტრალური პარკიდან სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსამდე მსვლელობა მოეწყო, სადაც სამოქალაქო კლუბის წევრებმა ტრანსფარანტებით მოსახლეობას ფესტივალის მიზნები გააცნეს.
შემდეგ კი უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, თემაზე „ჩემი თავისუფალი დრო“, დისკუსია გამართა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ფოტო და ვიდეოკონკურსიც მოეწყო, სადაც სამ–სამი გამარჯვებული გამოვლინდა. ფოტოკონკურსის პრიზიორები ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელებმა დაასახელეს.
საუკეთესო ვიდეო–რგოლის ავტორები ჟიურიმ გამოავლინა, რომელსაც ტელეკომპანია „მეცხრე არხისა“ და გაზეთ „სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტები წარმოადგენდნენ. კონკურსის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა.
ფესტივალის დასასრულს, უნივერსიტეტის ეზოში ფლეშ მობი მოეწყო, რომელში მონაწილეობაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მიიღეს. ღონისძიება ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც „ფი ეიჩ ინტერნეიშენალი“ ახორციელებს. პროგრამა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ ფინანსდება