ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, მესხ შემოქმედთა მორიგი საღამო გაიმართა. ღონისძიება ხალხური სიმღერების შემსრულებლის, ფოლკლორისტისა და პედაგოგის , ლელა ნაროზაულის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა. მონაწილეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მის დამსახურებებზე ისაუბრეს. ღონისძიებაზე ანსამბლმა “მესხეთმა” საკუთარი რეპერტუარიდან სიმღერები შეასრულა, ხოლო ფოლკლორისტის აღსაზრდელებმა, პედაგოგს ფოლკლორული ნომრები მიუძღვნეს.
ლელა ნაროზაული ხევსურეთში, არხოტში, სოფელ ულათაღუში მრავალშვილიან ოჯახში, 1945 წელს დაიბადა. 1968 წელს თბილსიში სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტურულ–საგანმანათლებლო სასწავლებელი, მუსიკალური განხრით, წარმატებით დაამთავრა.
ამავე წელს, დიპლომის დასაცავად, ახალციხეში ჩამოვიდა და საკუთარი მოღვაწეობა აქვე გააგრძელა. მან ქალაქში ქართულ–ხალხურ საკრავთა ანსამბლი ჩამოაყალიბა. 1980 წლიდან ლელა ნაროზაული ეკლესიის მთავარი რეგენტი და მედავითნე–მგალობელი გახდა. ჰყავს ვაჟთა და ქალთა მგალობელთა გუნდები. ასწავლის ახალციხის სასულიერო სემინარიასა და მეხუთე საჯარო სკოლაში.