კულტურა
საქართველოში სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნა იგეგმება
საქართველოში სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნა იგეგმება. პარლამენტში განსახილველად წარდგენილია “მუზეუმების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც მუზეუმის ახალი ტიპის - სამხედრო მუზეუმის შექმნას ისახავს მიზნად. კანონის პროექტი პარლამენტის წევრების: ლადო ჩაჩიბაიას, ირაკლი ბერაიას, ელისო ბოლქვაძის, ალექსანდრე ტაბატაძის, გიორგი ხელაშვილის, რესან კონცელიძის და ალექსანდრე ელისაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში შექმნილია ეროვნული სამხედრო მუზეუმები, რომელთაც მნიშვნელოვანი ფუნქციური დატვირთვა გააჩნიათ.
“ეროვნული სამხედრო მუზეუმის დაფუძნება ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამხედრო ისტორიით, სამხედრო ტექნიკით და შეიარაღებით დაინტერესებული საზოგადოებისათვის, არამედ ამ სახის მუზეუმებს მნიშვნელოვანი როლი აქვს მომავალი თაობების პატრიოტული აღზრდისათვის და ცნობიერების ამაღლებისათვის. ამასთანავე, მომავალში სამხედრო ტიპის მუზეუმი აკადემიური წრეებისთვისაც მნიშვნელოვანი საინფორმაციო წყარო გახდება“, - ვკითხულობთ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების განმარტებით ბარათში.
პარლამენტში წარდგენილი დაანაგარიშების თანახმად, სამხედრო მუზეუმის შექმნისათვის და მისი შენობაში და ღია სივრცეში განთავსებისათვის საჭირო ხარჯის სავარაუდო ღირებულება 23 753 112 ლარს შეადგენს.
პროექტით, კანონი ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევა.
საქართველოს ერვნული მუზეუმის ფოტო
interpressnews.ge
გააზიარეთ :