კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით 7-9 ივლისს ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში სამდღიანი ვორქშოპი იმართება. ხვალ კონფერენციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე ოფიციალურად გახსნიან.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მთავარი მიზანი კლდეში ნაკვეთ უნიკალურ კომპლექსში ქვათა ცვენის შეჩერება და ძეგლის სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის მსოფლიო საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის თქმით, ვარძიის გადარჩენისთვის ქართველ, დარგობრივ სპეციალისტთა გაერთიანება და დღემდე არარსებული – ვარძიის საკონსერვაციო დოკუმენტის შექმნა მნიშვნელოვანია, რომელიც ვარძიის მართვის გეგმის მომზადების მთავარი საფუძველი გახდება.
ვორქშპის სპეციალური სტუმარი იტალიის გეოლოგიური კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იუნესკოს კონსულტანტი, მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ვიცე-პრეზიდენტი კლაუდიო მარგოტინია. სამუშაო დღე მისი პრეზენტაციითა და დისკუსიით დასრულდება. პრეზენტაციის თემაა „ვარძიის ამჟამინდელი პრობლემური საკითები და შემოთავაზებული ქმედებები. ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის საკონსერვაციო გეგმის სამოქდემო გეგმის შემუშავება“.