კულტურა
არტეფაქტები აბასთუმანში, რომლითაც სააგენტო ამ დრომდე არ დაინტერესებულა
კურორტ აბასთუმანში, ნაგებობა აღმოჩნდა რომელმაც შესაძლოა არქეოლოგები დაკარგული და განადგურებული უძველესი ქალაქის, ოძრხეს კვალზე გაიყვანოს. ქალაქი, არაბთა შემოსევის დროს, მე-8 საუკუნეში განადგურდა. ტერიტორიაზე, სადაც სავარაუდოდ, ადრეფეოდალური ხანის ნაგებობებია აღმოჩენილი, ახლა მდიდრული სახლები შენდება. მშრალი წყობით ნაშენი კედლები და ძვლები სწორედ მათი მშენებლობების დროს, მთის კალთის მოჭრისას გამოჩნდა. გათხრების გარეშე, შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ აქ რამდენიმე ათეული მეტრის სიგრძეზე და 2-3 მეტრის სიმაღლეზე კედელია.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორიის გათხრისას სავარაუდოდ, მარცვლეულის შესანახი არაერთი ხაროც გამოჩნდა, რომელიც მუშებმა ისევ მიწით ამოავსეს და რამდენიმე მათგანის კვალი გააქრეს. ნამოსახლარის აღმოჩენის შემდეგ აქ არავინ გამოჩენილა, ტერიტორია არქეოლოგებს არ შეუსწავლიათ და მშენებლობაც ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია აბასთუმანში აღმოჩენის შესახებ და რატომ არ დაინტერესდა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო - ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ, უწყებაში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. ისტორიკოსები ამბობენ, რომ აბასთუმანში მშენებლობა უნდა შეჩერდეს, ადგილზე არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყოს, რამაც შესაძლოა, სპეციალისტები უძველესი ნასახლარის, ოძრხეს აღმოჩენამდე მიიყვანოს. ცირა მესხიშვილი არ გამორიცხავს, რომ ნაგებობა ადრეფეოდალური ხანის ან უფრო ძველი პერიოდით დათარიღდეს.
"ეს არის ისტორიული ციხე-ქალაქის ოძრხეს ნაშთები და ამაში ორი აზრი არ არსებობს. იმიტომ რომ ეს ციხე ქალაქის და ციხეც აკონტროლებდა ორ შემოსასვლელს. შესაძლებელია ეს არის სწორედ ყველაზე დიდი კვალი არაბების შემოსევის, რომელიც გზაზე არაფერს ტოვებდნენ და ეს ფენა შემორჩა. სასწრაფოდ არის ეს მშენებლობა შესაჩერებელი, უნდა ეცნობოთ არქეოლოგებს და უნდა დაიწყოს იქ გაწმენდითი სამუშაოები. შეიძლება იქ რაღაცა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, მათ შორის სამარხებიც" - ამბობს ცირა მესხიშვილი
ტერიტორიაზე სახლებს ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია შპს „ვილა აბასთუმანი“ აშენებს. მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორს აქვს ვალდებულება არტეფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს სახელმწიფოს, ეს ამბავი მხოლოდ ადგილობრივების წყალობით გახმაურდა. ძველი კედლები თამთა ჭანტურიამ შენიშნა და შესასწავლად არქეოლოგების ჩართვა ითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტებმა აბასთუმანში აღმოჩენილი ნამოსახლარის შესახებ იციან, ტერიტორიაზე ამ დრომდე არავინ გამოჩენილა.
"გზიდან დავინახეთ, დავინტერესდით რა იყო და ვნახეთ, რომ არის უზარმაზარი კედელი, გასაგებია, რომ მშენებლობა მიდის, მაგრამ ეს ადგილი ისტორიულია, უძველეს წყაროებში ნახსენებია ოთხი დიდი ქალაქი და მათ შორის არის ოძრხე და იგი არა თუ შესწავლილი აღმოჩენილიც არ არის. რეალურად ჩვენ ვდგავართ დიდი აღმოჩენის ზღვარზე, მაგრამ იქ მიდის მშენებლობა, არადა იქ არქეოლოგები უკვე უნდა მუშაობდნენ. სად არის მონიტორინგი? ხომ უნდა მოვიდნენ და შეისწავლონ ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება" - ამბობს თამთა ჭანტურია
თუ მიწის სამუშაოების დროს ძველი ნაგებობის კვალი აღმოჩნდება, კანონი მშენებელს ავალდებულებს, რომ არქეოლოგიური გათხრები საკუთარი სახსრებით ჩაატაროს. სპეციალისტების თქმით, სწორედ ეს უწყობს ხელს, რომ კომპანიები ხარჯის თავიდან ასარიდებლად, ხშირად ანადგურებენ არტეფაქტებს და აღმოჩენის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს არ ატყობინებენ. შპს „ვილა აბასთუმანი“, რომელიც ვალდებულია ტერიტორია შეისწავლოს, ხშირად, ქონებას პირდაპირი მიყიდვის წესით ეუფლება. მისი მეწილეები „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველები არიან. დავით ბალანჩივაძეს 2016 წლიდან, „ქართული ოცნებისთვის“ 415 ათასი ლარი აქვს შეწირული, ზურაბ კიკნაძეს კი - 145 ათასი ლარი. ზურაბ კიკნაძე ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, ამიტომ არ ვიცით, ჩააყენა თუ არა საქმის კურსში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მშენებელმა.
გააზიარეთ :