კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძრის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. როგორი სახე ექნება ეკლესიას მშენებლობის დასრულების შემდეგ – ამასთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სპეციალურ კლიპს ავრცელებს.
ტაძრის აღდგენითი სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყო. მშენებლობა 2017 წელს დასრულდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტაძრის სრული აღდგენისთვის 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძარი იმ იშვიათ ქართულ ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც მრავალი წარწერა ამშვენებს, მათ შორის სამშენებლოც. მასში მოხსენიებულია ქტიტორი, ხუროთმოძღვარი და მითითებულია აგების თარიღი – 964 წელი.
ძეგლის გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები 1975 წელს დაიწყო და ინტერვალებით 80-იანი წლების ბოლომდე მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, დღეისათვის მისი მხოლოდ სამხრეთი ნაწილია გადარჩენილი; აღარ არსებობს გუმბათი, დაზიანებულია დასავლეთის მკლავი. ისტორიკოსების ცნობით, ტაძარი მნიშვნელოვანია, როგორც მხატვრული, ისე ევოლუციური თვალსაზრისით.
კუმურდოს ეკლესიის მშენებლობის პერიოდი სამ ეტაპად იყოფა: მეათე საუკუნის მეორე ნახევარში ჯვარგუმბათოვანი ტაძარი აშენდა, XI საუკუნეში, ბაგრატ IV-ის დროს ტაძარს სტოა მიაშენეს, რითაც ძეგლის თავდაპირველი სახე გარკვეულწილად შეიცვალა. საბჭოთა პერიოდში კუმურდოს ეკლესიაში კი ყველის საამქროები განთავსდა. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ტაძარს იერსახე მნიშვნელოვნად, სწორედ ამ პერიოდში დაეკარგა.
თიკო კურტანიძე