საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯებული გახდა
2024 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული საქართველო გახდა. 11 წლის ანდრია ფუტკარაძემ ჟიურისა და ტელემაყურებლისგან ჯამში 239 ქულა მიიღო და საქართველოს რეკორდული მეოთხე გამარჯვება მოუტანა.
ანდრიამ საბავშვო ევროვიზიის ფინალში გიგა კუხიანიძისა და მაკა დავითაიას სიმღერა დედას შეასრულა.
რიგით 22-ე საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ესპანეთის დედაქალაქი მადრიდი მასპინძლობდა. წლევანდელ საბავშვო ევროფესტივალზე მონაწილეობა 17-მა ქვეყანამ მიიღო.
საქართველომ საბავშვო ევროვიზიის რეკორდსმენის სტატუსი გაიმყარა. ჩვენს ქვეყანას პირველი გამარჯვება 2008 წელს ჯერ ჯგუფმა ბზიკებმა მოუტანა, 2011 წელს პირველადგილოსანი გახდა ჯგუფი ქენდი, 2016 წელს მალტაზე გამართული კონკურსი მარიამ მამადაშვილმა მოიგო, რვა წლის შემდეგ კი კონკურსის ტრიუმფატორად ანდრია ფუტკარაძე იქცა. ამას გარდა, საქართველომ ევროვიზია ჯუნიორზე ორჯერ დაიკავა მეორე ადგილი და ხუთჯერ მოხვდა საუკეთესო ხუთეულში.