ახალციხის მერია ნუცა ბუზალაძეს საახალწლო კონცერტში მონაწილეობისათვის 18 000 ლარს გადაუხდის
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისათვის სამზადისი უკვე დაიწყო და ტენდერებიც გამოაცხადა. როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე ვკითხულობთ, თვითმმართველობა საახალწლო კონცერტებში მონაწილე მომღერლებს ჰონორარის სახით ჯამში 41 000 ლარს გადაუხდის.
როგორც დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, მომღერლების ჰონორარები, მათთან ურთიერთშეთანხმებით განისაზღვრა. რომლის მიხედვითაც ქართული ესტრადის ვარსკვლავი ნუცა ბუზალაძე, ახალციხეში 20 დეკემბერს იმღერებს, ორი საათის განმავლობაში 18 სიმღერას შეასრულებს და ჰონორარის სახით 18 000 ლარს მიიღებს.
ასევე, 20 დეკემბერს იმღერებს მირზა მოდებაძე, იგი 12 სიმღერას შეასრულებს და 8 000 ლარი ექნება ჰონორარი, 21 დეკემბერს იმღერებს ზუკა ხუციშვილი და მერია 10 000 ლარს გადაუხდის, 29 დეკემბერს კი გიორგი ნიკოლაძე (ნიკოლშოუ) იმღერებს და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან ჰონორარის სახით 5 000 ლარს მიიღებს.
გარდა, მომღერლების ანაზღაურებისა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭირო მომსახურებებზეც, რისთვისაც 53 `648 ლარი განისაზღვრა. ამ თანხაში შედის თოვლის პაპა, ფიფქია და 6 სხვადასხვა ზღაპრის გმირების დაქირავება, სცენის მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება, როგორც ახალციხეში, ისე ვალეში საკონცერტო ღონისძიებებისთვის. ხმის რეჟისორის ჰონორარი, ფეიერვერკი და ნაძვის ხის დაცვის მომსახურება.
ასევე, ახალციხის მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა, საახალწლო განათების შესყიდვის 41`410 ლარად.