საახალწლო კონცერტი დღეს ნინოწმინდაშიც გაიმართება
21 დეკემბერს ნინოწმინდაში საახალწლო კონცერტი ჰაოსისა და ქართლოსის სკვერში გაიმართება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საახალწლო ღონისძიებები „ახალი წლის დღეები საქართველოში“ ქვეყნის 63 ქალაქში და დაბა ბაკურიანში 21 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. გაიმართება როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტი.
საახალწლო პროგრამები 14:00 საათიდან დაიწყება, ხოლო დღის ბოლოს ყველა საღამო კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება. ახალი წლის დღეები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით წელს უკვე მეოთხედ იმართება. 21 დეკემბერს ახალი წლის დღეებს ბოლნისი, ნინოწმინდა, ოზურგეთი, მესტია, ქუთაისი და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები უმასპინძლებენ.