შორეთის ტაძრის რეაბილიტაციისას, სავარაუდოდ, ადრექრისტიანული ხანის წარწერებს მიაკვლიეს. სამონასტრო კომპლექსის მიწისგან გასუფთავების შემდეგ, მერვე საუკუნის ტაძრის ქვეშ, მეცამეტე საუკუნით დათარიღებული ნაგებობაც აღმოჩნდა.
სატრაპეზო, ტაძრის საკურთხევლის ქვეშ, ადრე ქრისტიანული ხანის სტელა და სხვადასხვა საუკუნის კედლები – შორეთის სამონასტრო კომპლექსის მიწისგან გასუფთავების შემდეგ, მერვე საუკუნის ტაძრის ქვეშ, მეცამეტე საუკუნით დათარიღებული ნაგებობა აღმოჩნდა. ისტორიკოსების მოსაზრებით, ამ პერიოდში სივრცის გაზრდის მიზნით, ტაძრის ქვეშ მიწა გამოიღეს და სატრაპეზო და სათავსოები ააშენეს. ვარაუდობენ, რომ ტაძარი, თავდაპირველად, კლდეში ნაკვეთი ძეგლის სახით იყო წარმოდგენილი.
შორეთში ტაძრის აღდგენის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რაც ეკლესიის სრულ სარეაბილიტაციო–სარესტავრაციო სამუშაოებს მოიცავს. მოწესრიგდება მთავარი ტაძრის ინტერიერი, აფსიდი, ჩრდილოეთისა და დასავლეთის მკლავები. მოხდება ტაძრის დროებითი გადახურვა, ასევე, აღდგება კარიბჭე-სამრეკლოს პირველი სართულის ინტერიერი, სამხრეთ-დასავლეთ ეკლესიის ფასადები. გარდა ამისა დაგეგმილია არჩეოლოგიური კვლევების ჩატარებაც.
ტაძრის მიმდებარედ, რომელსაც საუფლისწულო ტერიოტორიებად მოიხსენიებენ, ვარაუდობენ, რომ ანტიკური პერიოდის ნამოსახლარი მდებარეობს.
მეორე ეტაპის სამუშაოები ნოემბრის დასაწყისში დასრულდება.კომპლექსის რეაბილიტაციას ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი 130.000 ლარით აფინანსებს.
შორეთის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები სამ ეტაპს მოიცავს. 2015 წელს პირველ ეტაპზე ძეგლის საძირკველი და მის გარკვეული ნაწილები გამაგრდა. შორეთის ტაძარში გასულ წელს ჩატარდა არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოებიც.
მესამე ეტაპი 2017 წლისთვისაა დაგეგმილი. შორეთის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პირველი პირები.
ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარე შორეთის სამონასტრო კომპლექსი VI-VII – XV საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, კედლის მოზაიკით შემკული სამონასტრო ორსართულიანი ლავრით, სამრეკლოთი, სკრიპტორიუმით, მცირე სამლოცველოიანი ციხით და კლდეში ნაკვეთი სენაკებით. მნიშვნელოვანია შუა საუკუნეების კედელზე შესრულებული წარწერები, ისტორიულ ცნობებით, აგრთვე, მოზაიკური მხატვრობის ფრაგმენტები, რომელიც ქართულ საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში იშვიათია და მხოლოდ წრომში, გელათში, მარტვილსა და შორეთშია შემორჩენილი.
თიკო კურტანიძე