ამ დღეს საფუძველი 1850 წლის 14 იანვარს ჩაეყარა, როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლი – გიორგი ერისთავის „გაყრა“ დაიდგა. ეს იყო პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში.
ეროვნული თეატრის აღორძინება ქართველი ხალხის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. მაგრამ თეატრალურ დასს ძალიან მძიმე პირობებში უხდებოდა მუშაობა. მეფის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარების შეფერხებისთვის ყველა ღონეს ხმარობდნენ. თეატრს წაართვეს შენობა, მის რეპერტუარზე უმკაცრესი ცენზურა იყო დაწესებული. ამ მიზეზთა შედეგად 1856 წელს ერისთავის თეატრალური დასი დაიშალა და 70-იანი წლების ბოლომდე ქართველ დრამატურგთა პიესების დადგმები მხოლოდ მოყვარული თეატრალების მიერ ხორციელდებოდა.
ქართული სასცენო ხელოვნების ახალი პერიოდი 1879 წელს დაიწყო, როდესაც თბილისში მოწინავე საზოგადო მოღვაწეების ჯგუფმა ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ხელმძღვანელობით ქართული პროფესიული დრამატული თეატრის გახსნას მიაღწია.
1881 წლის 18 იანვარს დაფუძნდა დრამატული საზოგადოება (შემდგომში – თეატრალური საზოგადოება) საზოგადოების წევრთა პირველ ყრილობაზე თავმჯდომარედ აირჩიეს ილია ჭავჭავაძე, თავმჯდომარის მოადგილედ აკაკი წერეთელი. 1945 წლის 9 აგვისტოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა “საქართველოს თეატრალური საზოგადოება”. იმავე წლის 17 დეკემბერს რუსთაველის თეატრში მოიწვიეს საზოგადოების დამფუძნებელი ყრილობა, თავმჯდომარედ არჩეულ იქნა აკაკი ხორავა, ხოლო მოადგილედ შალვა დადიანი. სხვადასხვა დროს “საქართველოს თეატრალური საზოგადოების” თავმჯდომარეები იყვნენ – აკაკი ხორავა (1945-1948, 1959-1960), შალვა დადიანი (1948-1959), მიხეილ მრევლიშვილი (1960-1963), დოდო ანთაძე (1963-1977), დოდო ალექსიძე (1977 – 1985), გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე (1985-2010), 2010 წლიდან საზოგადოების თავმჯდომარეა გიორგი (გოგი) ქავთარაძე.