თამარ მეფის ფრესკა პირვანდელ სახეს იბრუნებს
თბილისის სამხატვრო აკადემიის კონსერვატორ-რესტავრატორების მიერ, 9–თვიანი სამუშაოების შედეგად, ვარძიაში თამარ მეფის ფრესკამ ხანძრამდელი მდგომარეობა თითქმის აღიდგინა.
ამ ეტაპზე, სპეციალისტები კედლის მხატვრობის ფორების ღრმად ჩამჯდარი ჭვარტლის მიკრო ნაწილაკებისგან გაწმენდას აგრძელებენ.
რესტავრაციის მე–2 ეტაპის დასრულების შემდეგ, სპეციალისტები დაადგენენ გაწმენდითი პროცესის მე–3 ეტაპის სამუშაო პროცედურებსა და მეთოდოლოგიას, რომელიც შესაძლოა ღვთისმშობლის ტაძრის ფრესკებს დასჭირდეთ.
თბილისის სამხატვრო აკადემიის კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფმა XII საუკუნის კედლის მხატვრობის რესტავრაციაზე მუშაობა 2016 წლის დეკემბერში დაიწყო.
ხანძრის შემდეგ დაზიანებული ფრესკების აღდგენა ლონდონის კურტოს ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფის წევრებთან ერთად მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა. თავიდანვე ადგილზე აღიწერა და შეფასდა ფრესკები. გაკეთდა სხვადასხვა სახის ტესტები და ერთობლივად შემუშავდა სარესტავრაციო მეთოდოლოგია, დაიგეგმა კედლის მხატვრობის გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოები.
ხანძრისგან დაზიანებული ფრესკების გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.