სახალხო დღესასწაული "შოთაობა" წელს არ გაიმართება
სახალხო დღესასწაული შოთაობა წელს არ გაიმართება.
გადაწყვეტილება ასპინძის თვითმმართველობამ, კულტურის სამინისტროს პოზიციის გამო მიიღო. მუნიციპალიტეტის გამგებელი ამბობს, რომ სამინისტრომ შოთაობის ჩატარების ადგილი და თარიღი შეცვალა. სახალხო დღესასწაულის ნაცვლად, ღონისძიება 15 მაისს, ახალციხის ციხეზე გაიმართება.
ლევან ცაბაძის განცხადებით, კულტურული ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხები "ფუძეობის" ფესტივალს მოხმარდა, წინასაარჩევნო პერიოდის გამო კი ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა შეუძლებელია.
გამგებელი იმედოვნებს, რომ ტრადიციული დღესასწაული მომავალი წლიდან, ახალციხის ციხის პარალელურად, ვარძიაშიც აღინიშნება.
"თანხების ჩადების უფლება აღარ მოგვცეს. გვითხრეს, რომ შოთაობა უკვე არის. შოთაობა სახალხო დღესასწაულია და ამ ტრადიციას არ დავარღვევთ. არჩევნების შემდეგ რაღაცას ვიზამთ, მაგრამ იმ მასშტაბების ვერ იქნება, როგორც გასულ წლებში. მომავალი წლიდან ალბათ", – განაცხადა "მე–9 არხთან" ლევან ცაბაძემ.
შოთაობას საფუძველი 1966 წელს ჩაეყარა. თუმცა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, „შოთაობას“ აღარ ზეიმობდნენ. 2008 წლიდან გაზეთ ”ლიტერატურული მესხეთის” ინიციატივითა და ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის პატრონაჟით, სახალხო დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია აღდგა.